ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისი, სიცხიანი თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის, სკანდალში ეხვევა.
“თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა უწყებამ სიმართლე დამალა. იქ ადამიანები სიცხიანი დადიოდნენ, რაზეც რეაგირება ხელმძღვანელობამ იმ დრომდე არ მოახდინა, ვიდრე ეს ამბავი თავდაცვის მინისტრამდე არ მივიდა“, – ეს სკანდალური განცხადება “2020NEWS“ -თან კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გააკეთა.
არეშიძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ამგვარი ფაქტები დროულად აღკვეთოს, რადგან სხვა შემთხვევაში, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მხრივ, ფატალურ შედეგს მიიღებს.
რა მოხდა რამდენიმე დღის წინ?
28 მარტს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადამიანები 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
სამინისტროს განცხადებითვე, “სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს სხვა სამხედრო ნაწილებთან შეხება არ ჰქონიათ . ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“.
30 მარტს კი, ჩატარებული სკრინინგის საფუძველზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული 10 პირიდან ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ირკვევა, ყველა მათგანს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების თანამშრომლებთან ჰქონდათ შეხება.
დაუდევრობა უპასუხისმგებლობის სახელით – მალავდა თუ არა ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისი სიცხიანი თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას?
როგორც არეშიძემ სააგენტოსთან განაცხადა, მას კონკრეტულად რომელიმე უწყების დასახელება არ სურს, თუმცა ღიად აცხადებს, რომ საქართველოში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეუწყების ხელმძღვანელობას ჩვენი ქვეყნის ბედი არ აღელვებთ.
“ვისაც საქართველოში არსებული ვითარება ფეხებზე კიდია, კარგად გამოჩნდა. პოლიტიკურ პარტიებს არ ვგულიხმობ. ვგულისმობ თავდაცვის სამინისტროში შემავალ უწყებას, რომელმაც ხელისუფლებას სიმართლე დაუმალა, რის გამოც თანამშრომლები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ.
ადამიანები სამსახურში სიცხიანი დადიოდნენ, რაც თანამშრომლებმაც იცოდნენ. ამ მოცემულობაზე კი რეაგირება ხელმძღვანელობას არ ჰქონია. ვიდრე ეს ამბავი თავდაცვის მინისტრამდე და სამინისტროს ხელმძღვანელობამდე არ მივიდა, მანამდე ყველა გაყურსული იყო.
თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობა ყველგან ცალ-ცალკე სირბილს ვერ დაიწყებს. გარკვეულ უწყებებში, ვიღაც-ვიღაცები მაიმუნობენ, რასაც სობოლოოდ წერტილი უნდა დაესვას.
ის, რაც თავდაცის სამინისტროს ერთ-ერთ უწყებაში მოხდა, აბსოლუტურად არასამსახურეობრივი ქმედება და დიდი უპასუხისმგებლობა იყო.
ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მხრივ, რამდენიც არ უნდა გააკეთოს, თუ კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელობამ პროცესი თავის ნებაზე მიუშვა და ინფორმაციები დამალა, პროცესი უმართავი გახდება. ეს შემთხვევა ბოლო და ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს“
“ალია”