“ცუდი პოლიციელის” როლშია სერგი კაპანაძე, “კარგი პოლიციელის” – კახი კალაძე!

ისტერიული შეტევები ეკლესიაზე, თითქოს ეკლესიიდან წამოვიდა კორონავირუსი და არა გლობალიზაციის პროცესებიდან, გრძელდება. ძალიან გავლენიანი ძალები არიან ჩართულნი ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანიაში.

აქამდე ვიცოდით, რომ “ევროპული საქართველო” და მსგავსი ორგანიზაციები ეკლესიის ღია მტრები არიან, მაგრამ ხდება ისეთი რამ, რაც ეჭვს ბადებს, რომ ეკლესიას ფარული მტრები, დაშაქრული ენით, ხელისუფლებაშიც არანაკლები ჰყავს. იმედია, ეს ეჭვები მალე გაქარწყლდება, თუმცა ჯერ ფაქტები ვნახოთ:

31 მარტს დღისით გავრცელდა სერგი კაპანაძის მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომელშიც იგი საკმაოდ მკაცრად მოითხოვს ეკლესიის მართვადობას:

„ამ განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში, როდესაც კარანტინს, თვითიზოლაციას და ზოგადად, კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვას აქვს ის მნიშვნელობა, რომ შემცირდეს ვირუსის შიდა გავრცელების რისკები, უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველა ორგანიზაციამ, იქნება ეს ეკლესია თუ სხვა, დაიცვას ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამონაკლისების დაშვება და გამონაკლისების გაკეთება, მითუმეტეს, ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება ერთად და არის რისკი, რომ ეს ვირუსი გავრცელდეს სწრაფად, აზრს უკარგავს ამ შეზღუდვებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საღი აზრი ეყოფა ყველას და იმოქმედებენ ამ რეალობიდან გამომდინარე და ასევე, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება უფრო ეფექტურად, უფრო ხმამაღლა და უფრო ღიად ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის, საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ და ამ კუთხით შეიძლება შეუქმნას საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას“.

ამის შემდეგ, საღამოს, ვრცელდება ცნობა, რომ თბილისის მერი კახა კარლოს ძე კალაძე უერთდება ლიბერალურ აჟიოტაჟს, ოღონდ, მორწმუნე მართლმადიდებლის რიტორიკით და უკვე უშუალოდ ეკლესიას მიმართავს:

„ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ღმერთო, იხსენ მართლმადიდებელი საქართველო!