კორონავირუსის პანდემიისგან, შესაძლოა, საბჭოთა დროინდელი აცრებიც გვიცავს! – გერმანიის მაგალითი

გერმანიაში და მთლიანად, ევროპაში, ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: დასავლეთ, ეკონომიკურად და ცხოვრების დონით უფრო მაღალ საფეხურზე მდგარ ევროპაში კორონავირუს-19-ით გაცილებით უფრო მეტი ადამიანია დაავადებული და ინფექცია ასევე გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აღმოსავლეთში.

ასე, მაგალითად, პოლონეთსა და ჩეხეთში გაცილებით ნაკლები ინფიცირებულია, ვიდრე ავსტრიასა და შვეიცარიაში. თითქოს პირიქით უნდა იყოს, საბჭოთა კავშირის და მის მიერ “სოციალისტურ ბანაკში” დანერგილი სამედიცინო სისტემის “ჩამორჩენილობას” თუ გავითვალისწინებთ, რასაც ასე ბეჯითად გვინერგავენ დღესაც, დასავლური პროპაგანდისტური საშუალებები.

ასევე საინტერესოა გერმანიის მაგალითი, სადაც მის ყოფილ სოციალისტურ, აღმოსავლეთ ნაწილში, კორონავირუსით დაავადებულების საერთო რაოდენობა მიზერულია, დასავლეთთან შედარებით: ინფიცირებულთა 92 პროცენტი დასავლეთ გერმანიაზე მოდის! (იხ. რუკა ქვემოთ – ციფრები ასახავს ინფიცირებულთა როდენობას 31 მარტის მდგომარეობით. აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანიის ყოფილი საზღვრების გასარჩევად შეხედეთ რუკას ზემოთ).

სპეციალისტებს არ აქვთ ამ ფენომენის ახსნა. მოსახლეობის რაოდენობის ფაქტორი ინდიკატორად არ გამოდგება (დასავლეთ გერმანიაში დაახლოებით 65 მლნ. ადამიანი ცხოვრობს, აღმოსავლეთში კი 16 მლნ.), რადგან ეს ფაქტორი არ მოქმედებს მოსახლეობით უფრო დიდ პოლონეთზე, თუ შევადარებთ მოსახლეობით უფრო მცირე შვეიცარიას, : შვეიცარიას, რომლის მოსახლეობა 8 მილიონზე ოდნავ მეტია, ამ მომენტში 15412 ინფიცირებული ჰყავს, 40-მილიონიან პოლონეთს კი მხოლოდ 2055. ასეთივე სურათია ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებით (უშუალოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ).

ინტერნეტში ვრცელდება მოსაზრება, რომ განსხვავება დაკავშირებულია საბჭოთა მედიცინის მიერ დამკვიდრებულ ტუბერკულოზის სავალდებულო აცრებთან. “ადამიანის უფლებებით” ცნობილ დასავლეთში ასეთი აცრები სავალდებულო არ გახლავთ. თუმცა ამ კავშირის დამამტკიცებელი საბუთი ჯერ არ არსებობს და გერმანელი ვირუსოლოგები უფრთხიან რაიმე დასკვნის გაკეთებას.

მტკიცებულება არ არის, მაგრამ, როგორც რუსები იტყვიან, ფაქტი სახეზეა!