ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია

ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის საქმის ძიება გრძელდება.

პოლიციის სამმართველოში გვიან ღამით დასრულდა გარდაცვლილის მეგობრის გამოკითხვა, რომელმაც მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მოკლულის სხეულზე რამდენმე დეენემის ნიმუშია ნაპოვნი. ახალგაზრდა მასწავლებლის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აქვს, თუმცა, რა გახდა საბოლოოდ სიკვდილის მიზეზი, ჯერ უცნობია.

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, სამძებრო ოპერაცია კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა.

თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

“იმედინიუსი”