ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს რეალურად შნო და შესაძლებლობა – კახა კალაძე

ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს აქვს რეალურად შნო და შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ IRI-ის კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული პარტიებისა და პოლიტიკოსების შესაფასებლად არჩევნები ყველაზე საუკეთესო გამოსავალია.

„კიდევ ერთხელ ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ მე არავის შეფასებას არ ვაპირებ, არავის რეიტინგებზე არ მინდა საუბარი. საქართველოში მცხოვრები ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას, რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს აქვს რეალურად იმის შნო და შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში იმ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხონ, რომელიც არსებობს. შესაბამისად, არჩევნები არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული პარტიებისა და პოლიტიკოსების შეფასება. კიდევ ერთხელ, ჩემი დამოკიდებულება იცით კვლევებთან დაკავშირებით და არაერთხელ მითქვამს ამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევები და ამის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს 2012 წლიდან, არაერთი კვლევა შემიძლია, მოგიყვანოთ მაგალითად, ყველა არჩევნების წინ, როდესაც ხდებოდა მონაცემების გამოყენება და შემდეგ რა შედეგებით სრულდებოდა არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს, პირადად მე ამ კვლევების მიმართ ნეგატიურად განმაწყობს და ამიტომ გარკვეული კვლევების შეფასებისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

“რეზონანსი”