პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ ვაქცინაციითა და რეგულაციების მკაცრი დაცვითაა შესაძლებელი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე „ქრონიკას“ კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი საქართველოში დიდია
„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს (სამწუხაროდ ასეთია სტატისტიკა), აქედან გამომდინარე, პროგნოზები რა თქმა უნდა არასასიამოვნო იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390827, გარდაიცვალა 5948 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
“იმედინიუსი”