ჯანმო სექტემბრის ბოლოსთვის მესამე დოზებით აცრას აანონსებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ე.წ. ბუსტერ დოზებით იმუნიზაციის სულ მცირე სექტემბრის ბოლომდე გადადების მოწოდებით გამოდის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით პაუზა საშუალებას მისცემს სულ მცირე პოპულაციის 10%-ს ყველა ქვეყანაში, რომ აიცრან.

როგორც BBC წერს, ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის ისრაელმა და გერმანიამ უკვე დააანონსა გეგმები ვაქცინების მესამე დოზის ადმინისტრირების თაობაზე, თუმცა გებრეიესუსის თქმით ღარიბი ქვეყნები ვაქცინაციის მაჩვენებლით მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მარაგების ნაკლებობის გამო ყოველ 100 ადამიანზე ვაქცინის 1,5 დოზა მოდის. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს მონაცემი უნდა შეიცვალოს და ვაქცინების უმეტესობა სწორედ დაბალი შემოსავლის ქვეყნებმა მიიღონ:

“მე მესმის მთავრობების წუხილი, მათ სურთ საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დელტა ვარიანტისგან დაიცვან. მაგრამ მიუღებელია ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცინის გლობალური მარაგების უმეტესობა მოიხმარეს და კიდევ მეტის გამოყენება სურთ” – აცხადებს WHO-ის ხელმძღვანელი.

BBC წერს, რომ ჰაიტისა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვაქცინის ორივე დოზა არცერთ მოქალაქეს არ მიუღია. ინდონეზიაში კი, სადაც ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო თვეებში იზრდება, მოსახლეობის 7.9%-ია აცრილი.

ამ ფონზე, ისრაელმა უკვე დაიწყო 60 წლის და უფრო დიდი ასაკის მოქალაქეების მესამე ბუსტერული დოზით აცრა, გერმანიამ კი განაცხადა, რომ მოქალაეებს “მოდერნასა” და “ფაიზერის” ვაქცინის მესამე დოზებს შესთავაზებდა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ქვეყანა მიზნობრივი ჯგუფების მესამე დოზით აცრას სექტემბრიდან გეგმავს.

 

“ნეტგაზეთი”