ხალხის ძარცვა ინფლაციის მომიზეზებით

წლებია, რაც ქვეყანაში ფასების საერთო დონე სწრაფი ტემპით იზრდება. ეროვნული ბანკი კი გვპირდებოდა, რომ მათი ამოცანა ინფლაციის მიზნობრივ დონეზე, ანუ 3%-ზე შენარჩუნება იქნებოდა, თუმცა ეს დაპირება სამწუხაროდ, მხოლოდ დაპირებად დარჩა, ხოლო ფასები კატასტროფიულად იზრდება.

ამას ადასტურებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასების საერთო დონე საშუალოდ 11.9%-ით გაიზარდა. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ ინფლაციის დონე გასულ წლებშიც მაღალი იყო. კერძოდ, 2020 წლის ივლისში ინფლაციის მაჩვენებელი 5.2% იყო, 2019 წელს იმავე პერიოდში – 4.6%.

არადა საქართველოში ეროვნული ბანკის ფუნქციონირების მთავარი მიზანი ინფლაციის თარგეთირებაა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფლაციის 3%-ის ფარგლებში შენარჩუნება.

იმის გასაგებად, თუ როგორ გვაღარიბებს ინფლაცია, შეგვიძლია მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ. მაგალითად, ყოველთვიურად ადამიანს ხორცის საყიდლად გამოყოფილი აქვს 50 ლარი, ხოლო ერთი კილოგრამი ხორცი 5 ლარი ღირს. გამოდის, რომ ყოველ თვე ადამიანი ყიდულობს 10 კილოგრამ ხორცს. თუ ქვეყანაში ინფლაციის ტემპი მაღალია (როგორც ჩვენთან მაგალითად), მაშინ ერთი კილოგრამი ხორცის ფასი 5 ლარიდან 7 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, ადამიანი ვეღარ ყიდულობს თვეში 10 კილოგრამ ხორცს იმ თანხით რაც განსაზღვრული ჰქონდა, ან ყიდულობს და იძულებულია, სხვა პროდუქტებზე გასაწევი ხარჯები შეამციროს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მისი კეთილდღეობა მცირდება.

ცხადია, არის მეორე შემთხვევაც, როცა ფასების ზრდასთან ერთად ადამიანს შემოსავლებიც გაეზარდა. მაგალითად, თუ პროდუქტის ფასმა 2 ლარით მოიმატა, ხოლო ჩვენი შემოსავლებიც ამის პროპორციულად ასევე 2 ლარით გაიზარდა, მაშინ ჩვენი კეთილდღეობა არ მცირდება, რადგან ისევ იგივე მსყიდველობითი უნარი გვაქვს. თუმცა დღეს არსებულ რთულ ვითარებაში ადამიენებს შემოსავლები ძირითადად უმცირდებათ ან უკეთეს შემთხვევაში, იგივე დონეზე უნარჩუნდებათ.

მეორე შემთხვევას თუ დავუბრუნდებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდა კი შემოსავლების მატებას, კეთილდღეობის ზრდას ნიშნავს, თუმცა ინფლაციის მაღალი დონე ამ სიკეთეს ჭამს და ჩვენს მდგომარეობას აუარესებს. თან იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდა არაინკლუზიურია და შესაბამისად მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი სარგელობს ამ ყველაფრით, მაშინ ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები საქრთველოში თვიდან თვემდე ღარიბდებიან.

როცა ინფლაციაზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებელი 305 დასახელების პროდუქტის საშუალო ზრდის მაჩვენებელია. სხვა სიტყვებით კი ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ფასები გაცილებით მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე ეს ივლისში მიღებული 11.9%-იანი ინფლაციაა. მაგალითისთვის, სურსათის ჯგუფში ზეთის ფასი გაზრდილია 48%-ით, ბოსტნეული 34.5%-ით, ასევე რძის ყველისა და კვერცხის ფასმა მოიმატა 15.4%-ით. ეს ის პროდუქტებია, რომლებსაც მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოში სიღარიბის დონე მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ინდივიდუალური ყოველთვიური სამომხმარებლო კალათა ძირითადად სწორედ სურსათისგან შედგება. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობის საფულეს ფასების არსებული დონე უბრალოდ აცარიელებს.

ივლისში დაფიქსირებული 11.9%-იანი ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციაა საქართველოში. აქამდე ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირებული იყო 2011 წელს, კერძოდ 14.3%. ხშირ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ფასების საერთო დონის ზრდას ხან საგარეო შოკებს, ხან მოლოდინებს და ხანაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს უკავშირებს. თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა, მხოლოდ ეს ფაქტორები აღარიბებს ხალხს თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკაც?

სანამ ამ შეკითხვაზე პასუხს მივიღებთ, არ დაგვავიწყდეს, რომ ფასები მუდმივად იზრდება, ხოლო ჩვენი კეთილდღეობა მცირდება.

ავტორი:

ნოდარ სირბილაძე, ბპნ.გე