საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენა შეუძლებელია ვიდრე არსებობს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული „წითელი ხაზები“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
5 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვმა განაცხადა, რომ რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს „წითელი ხაზები“, რომელიც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან… გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს „წითელი ხაზები“, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო გარკვეული დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს. ეს არის ეკონომიკური საკითხი, ასი ათასობით ადამიანი, ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს არის საინტერესო საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. პოლიტიკური დიალოგი ქვეყნებს შორის მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია შენარჩუნებული. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა. აბაშიძე და კარასინი განიხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად უმჯობესდება.
“სპუტნიკი”