“მზრუნველი” კელი დეგნანი

კელი დეგნანი: საქართველოს მთავრობამ შეასრულა ძალიან კარგი სამუშაო, ვფიქრობ, გექნებათ საკმარისი ვაქცინა მოსახლეობისთვის.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში „ფაიზერით“ აცრის პროცესს გაეცნო. ელჩი კლინიკაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად იმყოფებოდა.

კელი დეგნანის თქმით, ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა ქართველების, მათი ოჯახების და საყვარელი ადამიანების დასაცავად.

– “ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით საქართველოსთვის „ფაზიერის“ ხუთასი ათასი დოზის გადმოცემა. დღეს მე ვიმყოფები ახალციხეში, რათა ვნახო, თუ როგორ ხდება ვაქცინების რეგიონებში დისტრიბუცია. სამუშაოები აქ ძალიან კარგად არის ორგანიზებული, შესანიშნავია, რომ ვხედავ ასაცრელად მოსულ ამდენ ქართველს. „ფაზიერის“ დოზები არის ამერიკელი ხალხისგან საჩუქარი და ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით მათი ქართველებისთვის გადმოცემა, რადგან ეს არის საუკეთესო გზა ქართველების, მათი ოჯახების, საყვარელი ადამიანების დასაცავად. ეს არის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა. იმედი მაქვს, რომ მეტი ქართველი მოვა და აცრას გაიკეთებს. გთხოვთ, აიცერით“ – განაცხადა ელჩმა.

ელჩმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ, სადაც ინფიცირების შემთხვევების ზრდა მაღალია, მოსახლეობა არავაქცინირებულია.

– “ვფიქრობ, ყველაზე დამაჯერებელი პასუხი არის ის, რომ იქ, სადაც ინფიცირების შემთხვევების ზრდა მაღალია, მოსახლეობა არავაქცინირებულია. მეცნიერება, სტატისტიკა აჩვენებს, რომ რაც შეიძლება მალე აცრა არის საუკეთესო გზა, დაიცვა საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები“ – განაცხადა დეგნანმა.

კითხვაზე – კიდევ ხომ არ იგეგმება ვაქცინის დოზების გამოყოფა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის, ელჩმა აღნიშნა, რომ ჯერ არსებული ვაქცინები უნდა იყოს გამოყენებული.

„ჯერ მოდით, გამოვიყენოთ ის ხუთასი ათასი დოზა, რომელიც უკვე გამოგიგზავნით. ვფიქრობ, უკვე ბევრი ვაქცინა გაქვთ. თქვენმა მთავრობამ შეასრულა ძალიან კარგი სამუშაო და კიდევ უკვეთავენ მეტ დოზებს. ასე რომ, ვფიქრობ, გექნებათ საკმარისი ვაქცინა თქვენი მოსახლეობისთვის“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

წყარო: სოც.ქსელები