პოლიტიკური გაერთიანება “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია რუსული პროექტია, ოღონდ მას დასავლელად წარმოაჩენენ.
– რუსეთის დავალებით, აქაურ ტროლებსა და ბოტებს დავალებული აქვთ გახარიას დასავლელ ლიდერად გასაღება. საერთოდ, საქართველოში ვინც მეინსტრიმშია, სააკაშვილი იქნება თუ გახარია, მედასავლეთედ უნდა წარმოაჩინონ. სინამდვილეში, მათ დასავლეთთან საერთო არაფერი აქვთ. გახარია მოსკოვიდან ჩამოვიდა და ჯერ ბიზნესომბუდსმენად დაამტკიცეს. მაშინ მას არანაირი კონტაქტი არ ჰქონია დასავლეთთან. ივანიშვილს, გახარიას და სააკაშვილს აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. არ ვიცი, საქმის კურსშია თუ არა ივანიშვილი, რომ გახარიას მის ზურგს უკან მდგომი რუსი კურატორები მის (ივანიშვილის) შემცვლელად ამზადებენ.
ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, იქონიოს ურთიერთობა დასავლეთთან და იფიქროს საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ პროცენტებს. თუ ანტიდასავლური ტრენდი გაგრძელდა, ეს უფრო გაააქტიურებს დასავლეთს და საბოლოოდ, კარგს არაფერს მოუტანს ბიძინა ივანიშვილს. ანტიდასავლური კამპანიის, დარბევებისა და დასავლელ ტურისტებზე თავდასხმების გამო, დასავლეთი საქართველოსა და მთლიანად კავკასიაზე ხელს არ აიღებს. სიტუაცია უფრო დაიძაბება და ამ ყველაფრის დირიჟორებს პასუხი მოეთხოვებათ. ეს არ იქნება სასიამოვნო ივანიშვილისათვის. საშიშროება იმაშიც მდგომარეობს, რომ არ გამოჩნდნენ მღვრიე წყალში თევზის დამჭერები.
– რას გაქვთ მხედველობაში?
– 2003 წელს ისე უნდოდათ შევარდნაძის წასვლა, რომ დასავლეთმა თვალი დახუჭა რუსულ “პოლუფაბრიკატზე” სააკაშვილის სახით. ვიღაცებს მოუნდებათ, რომ 2003 წლის რუსული კომბინაციები ახლაც გაიმეორონ.
ნაცმოძრაობის აღტყინება შექმნილი სიტუაციით უადგილოა. ნაციონალური მოძრაობა მღვრიე წყალში თევზს ვერ დაიჭერს. ბიძინა ივანიშვილს კი კიდევ ერთხელ ვურჩევ, ანგარიში გაუწიოს დასავლეთს. ეს პირადად მისთვისაც უკეთესი იქნება.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა