კალაძე 7 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდან, დასუფთავების სამსახურის უნიფორმით ფეისბუქ ლაივში ჩაერთო, გაფიცულთა მოთხოვნებზე ისაუბრა, თქვა, რომ პროტესტის მონაწილეებს “პროვოკატორები აბუნტებდნენ” და გაახმიანა ბრალდება, რომლის თანახმადაც სამსახურში დაბრუნებულ თანამშრომლებს “აბულინგებდნენ”.
რა თქვა კალაძემ?
თბილისის მერის განცხადებით, სამწუხაროა, რომ “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვა გადაწყვიტა, ვინაიდან მერიასა და მათ შორის არ ყოფილა “ისეთი ურთიერთობა”, რომ საუბარი და მოსაზრებების გაცვლა შეუძლებელი ყოფილიყო.
“ასე უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, მოხდა გაფიცვა. უფრო სწორად, გაფიცვის მცდელობა იყო, რადგან ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა სამუშაოზე, მიდიოდა მათი ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული.
რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რამოდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს”, — თქვა კალაძემ.
კალაძე გამოეხმაურა გაფიცულთა მოთხოვნას ხელფასების 50%-ით მომატების შესახებ. მისი განცხადებით, გასულ წელს 20%-იანი მატება იყო, “მიუხედავად რთული ვითარებისა”.
“არავინ ამბობს, რომ ეს საკმარისია და არის იმდენი ხელფასი, რამდენიც შეიძლება, ადამიანს აკმაყოფილებდეს. მაგრამ 20%-იანი მატება გავაკეთეთ მიუხედავად რთული ვითარებისა და პანდემიისა. ასევე, იყო დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებოდით. ეს ყველამ იცოდა”, — დასძინა მან.
კალაძემ ისაუბრა მოთხოვნაზეც, რომელიც ტექნიკის შეცვლას შეეხება:
“შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი პრეზენტაცია, 2 წლის წინ, როდესაც ახალი ტრანსპორტი შემოვიყვანეთ. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი და უფრო მეტია საჭირო. უკვე შესყიდვა განხორციელებული გვაქვს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თანამშრომლობისთვის. უახლოეს მომავალში უკვე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც იმ ტექნიკას შემოიყვანს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დასუფთავების სამუშაოები ნორმალურად წარიმართოს”.
თბილისის მერის თქმით, “ბევრი ტყუილი” გაისმა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელთა სამუშაო ფორმებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ახალ ფორმებს ყოველწლიურად კერავენ.
“რაც შეეხება ბოლო შესყიდვას: იყო გარკვეული პრობლემები გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით. მოხდა რებრენდინგი, ახალი უნიფორმები იქნება ახალი ვიზუალთ. რამდენჯერმე მოგვიწია ტენდერის თავიდან ჩატარება, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში ექნებათ ახალი ფორმები, როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის, არა თითო ფორმა, არამედ ორ-ორი სამ-სამი წყვილი…”.
საუბრის დასასრულს, კალაძემ “დაგეგმილი პროვოკაცია” ახსენა.
“გახარებული ადამიანები, რომლებიც ვიდეოებს, სელფებს იღებდნენ დაბინძურებულ ნაგვის ურნებთან… ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული და მწვანე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენს გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოებით.
უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები იღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია“ — განაცხადა მან.
კალაძის მტკიცებით, არასდროს უთქვამს, რომ “თბილსერვისის” თანამშრომელთა მუშაობით უკმაყოფილოა.
“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორი, კონკრეტულად იმ პროვოკატორების მხრიდან, ვინც დღეს იქ აბუნტებდა ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში”.
რას ითხოვენ გაფიცულები?
დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომელთა ნაწილი პროტესტს ახლაც აგრძელებს, 6 აგვისტოს გაიფიცა. ისინი საუბრობენ მძიმე შრომით პირობებზე და მცირე ანაზღაურებაზე. დასაქმებულები ხელფასების მომატებამდე უარს ამბობდნენ თბილისის ქუჩებიდან ნაგვის გატანაზე.
დასაქმებულებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
- ძველ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება;
- ხელფასების 50%-იანი მატება
როგორც „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, 6 აგვისტოს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სამუშაო გრაფიკი ძველ რეჟიმს დაუბრუნდება. თუმცა ხელფასების საკითხი ჯერჯერობით მოუგვარებელი რჩება.
დასაქმებულების თანახმად, ნაგვის ურნების დამცლელი მუშების ყოველთვიური ანაზღაურება არის 760 ლარი, ხოლო სატვირთო ავტომობილების მძღოლებისა – 860. დასაქმებულები ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ.
მერიამ ამავე დღეს თქვა, რომ მისთვის გაფიცვა მოულოდნელი იყო, თუმცა, მათ ნაწილთან შეთანხმების მიღწევა შეძლეს. მოლაპარაკებები კი გრძელდება.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა დამსაქმებელია შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს, კერძოდ კი, თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. „თბილსერვის ჯგუფი“ არის კომპანია, რომელსაც თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე, სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და ა.შ.
“ნეტგაზეთი”