“რაც სააკაშვილმა გააკეთა – დანაშაულია, რაც ივანიშვილმა – ისეთივე დანაშაული!” – ჰამლეტ ჭიპაშვილი ამხელს ორივე “ლიდერს”

სიტყვა „მოღალატეს“ ისე შეეჩვია ქართველი, თითქოს „იავნანას“ უმღეროდნენ. სიტყვა „მოღალატემ“ სისტემატური, უმიზნო გამოყენების გამო ფასი დაკარგა და ისეთ სიტყვებს შეუერთდა, როგორებიცაა „დემოკრატია“, „სუვერენიტეტი“, „თავისუფლება“. სიტყვა „მოღალატემ“ მაშინ დაკარგა მნიშვნელობა, როდესაც მართლა ერისა და ქვეყნის მოღალატე პარტიებმა  — „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ სისტემატურად იხმარეს ერთმანეთისა და სხვა პარტიების, ფიზიკური თუ იურიდიული პირების დასადანაშაულებლად.

სიტყვა „მოღალატემ“ სხვა თვისება შეიძინა — მოღალატის პატრიოტად წარმოჩენისას, ანუ როდესაც მართლაც მოღალატე ნაცები და ქოცები სხვას უწოდებენ მოღალატეს, იმ „მოღალატისთვის“ ასეთი, საქებარი სიტყვაა.

[მაგრამ] სააკაშვილმა თუ ომით დაკარგა საქართველოს ტერიტორიები და ამისთვის მას პასუხი არ უგია, უფრო მეტიც, მოღალატეც არ უწოდებიათ მისთვის, ივანიშვილმა საქართველოს ხალხის მალულად მთელი რიონის ხეობა ერთი საუკუნით აჩუქა თურქებს.

ორივე დანაშაულია. პირველს, აღარაფერი ეშველება, როგორც ჩანს, აღარც მეორეს, ვინაიდან თურქეთი ჩვენი „მეგობარია“ და მისი განაწყენება მიუღებელია. ერთი საუკუნის შემდეგ თურქთა მიერ შემოღობილი საქართველოს ტერიტორია რომ სრულიად თურქული იქნება, ამაში, ვგონებ, ეჭვი არავის ეპარება. ჯერ-ჯერობით შემოუღობავი პლეხანოვის გამზირი და აჭარა განა ამის მაგალითად არ გამოდგება?

თურქეთს ოკუპანტს არ ვუწოდებთ, არადა საქართველოს ძირძველი მიწები აქვს ოკუპირებული. რომ არა „მტარვალი“ რუსეთი  —  აჭარაც ამ ბედს გაიზიარებდა.

დაგვიჩემებია, რუსეთმა დაგვიბრუნოს ტერიტორიებიო. კეთილი, მაგრამ მასთან შეხვედრისა და ლაპარაკის გარეშე? ჩვენ გვინდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება, მაგრამ რისთვის?

დღევანდელ ხელისუფლებას, ისე, როგორც გუშინდელს ამის თავი რომ არ აქვს, ცნობილი არ არის? არც დაბრუნების თავი აქვს და არც მართვის. განა ამის მაგალითი არ არის აჭარის ავტონომია — თავიდან-ფეხებამდე თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფი?!

ოკუპანტიო — ვამბობთ რუსეთზე, მაგრამ არ ვამბობთ თურქეთზე. ამ სიტყვას არც ადამიანებთან მიმართებაში ვხმარობთ. არადა, არაფრით განსხვავდება სახელმწიფო მიწის მომტაცებელი ქვეყანა და პიროვნება ერთმანეთისგან. ორივენი მტაცებლები არიან — ოკუპანტები. გამტაცებელ ადამიანთა შორის პირველი ივანიშვილია. მის მიერ მიტაცებული ტერიტორიების ნუსხვა, გარდა მცირე ნაწილისა, ჩვენთვის უცნობია, ანუ საქართველოს მოსახლეობისთვის, ამ მიწების ნამდვილი პატრონისთვის.

ივანიშვილმა არა მარტო საკუთარი ოჯახისთვის მიიტაცა საქართველოს მიწა, არამედ მისი მორჩილი მოჯამაგირეებისთვის. კერძო საკუთრებაში გადასული უძრავი ქონების ისევ სახელმწიფოსთვის დაბრუნებას თუ რამე უშველის — სოციალისტური რევოლუციაა, რომლის თავი ამ საქართველოს არ აქვს. არათუ რევოლუციის, თავის განძრევის, უკაცრავად და ტრაკიც არ აქვს — ვალერი კვარაცხელიასი არ იყოს: „თბილისელები კი დადიოდნენ, ზოგი უმუშევრად და უხელფასოდ, ზოგი შეურაცხყოფილად მწირი პენსიის ამარა დარჩენილი, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდნენ, რომ უზარმაზარი, შიშველი, ვარდისფერი უკანალი აღარ ეკიდა თბილისის თავზე“.

წინა სტატიაში გულდაწყვეტილი ვწერდი, რომ ქართულ საზოგადოებას, უფრო სწორად მის ნაწილს, მხოლოდ ლგბტ აწუხებს, ჩვენებურად პედერასტობა და სხვა არაფერი. მხოლოდ ამაზე ახდენს რეაქციას და არა იმაზე, რაც კვარაცხელიას აქვს ჩამოთვლილი. ეს, რომ ასე არ იყოს, 5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმის გადამრჩენი აქციის მონაწილენი არათუ პუშკინის პატარა სკვერს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირსაც არ იკმარებდნენ. ვითომ მარტო სიცხეს უნდა მიეწეროს თბილისელთა გულგრილობა?

მეგობრებო, ხან სიცხე იქნება, ხან სიცივე, ხან თოვლი და წვიმა, მაგრამ საშვილიშვილო, საქვეყნო საქმე არ წაიშლება, უფრო სწორად არ უნდა წაიშალოს. კლიმატმა მასზე გავლენა არ უნდა იქონიოს — როგორც პოლიტიკურმა, ისე ბუნებრივმა. მაგრამ აქ სხვასთან გვაქვს საქმე  —  ქართველის გადარჯულებასთან, სხვას ვერაფერს დავარქმევთ საზოგადოებას, რომელიც უტყვი და ბრმაა თურქთათვის რიონის ხეობის ჩუქებასთან, ივანიშვილის და მისთანების მიერ მიწების მითვისებასთან, საქართველოს საგანძურის და უნიკალური ისტორიული შენობის „გაუპატიურებასთან“ დაკავშირებით.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

(სტატია სათაურით “აქაურთა მიერ სახელმწიფო მიწების მითვისება ისეთივე ოკუპაციაა, როგორიც უცხო ქვეყნების” მთლიანად იხ. ავტორის ვებ-გვერდზე: isari.ge)