“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
აგვისტოს ომზე ბედავენ და ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების, იმ ბოროტი რეჟიმის სამხედრო მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები, რომლებმაც ქვეყნის მიწების 22% სამარცხვინოდ და მოღალატურად დათმეს. ისევ ვამბობ: სადაც საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა, კოდორი და ახალგორი, ეს ქართული მიწებიც სამარცხვინოდ და მოღალატურად ჩააბარეს და დღეს… ნიანგის ცრემლებს ღვრიან, უმანკო კრავებად გვაჩვენებენ თავს. ხმას როგორ იღებთ საერთოდ?! როგორ ბედავთ ან აგვისტოს ომზე ან თქვენგან მიტოვებული, გმირულად დაცემული ჯარისკაცების ხსოვნაზე ლაპარაკს?! თქვენ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, თქვენი სინდისი უნდა იწვოდეს, მაგრამ რაც არ გქონიათ და არა გაქვთ, როგორ დაგეწვებათ?! იმის მაგივრად ხალხის თვალს მიეფაროთ, დაღუპულებს პანაშვიდი ჩუმად გადაუხადოთ და დაეტიოთ თქვენს ბოროტ ბუნაგში, გვირგვინებით მიდიხართ გმირების მემორიალთან და მერე ტელევიზიით გვიყვებით, როგორ “იღვაწეთ” აგვისტოს ომის დღეებში. იმ დღეების მერე, მხედრობა და მთავრობა თავს არ იცოცხლებდა, მაგრამ ამისი ვაჟკაცობაც არავის გეყოთ! რომ არა პატრიარქი და ჩვენი სამღვდელოება მზის გულზე მიტოვებული ბიჭების ცხედრებს ვინ გამოასვენებდა?! ღმერთო, დიდება შენს ძალას და შენს სახელს, გვასწავლე, როგორ ავიტანოთ ამდენი უსამართლობა და თავხედობა?!
“ქართული ოცნების” ხელისუფლებას კი, აგვისტოს ომის გამოძიება ვითომ 2013 წელს უნდა დაეწყო, ასე არაა?! რომელ თაროზე შემოდეთ ეს საქმე, თუ უკვე ესეც გააქრეთ?! უნდა გააქროთ, ცხადია. ისე, ნაცმოძრაობას როგორ გადაარჩენთ და როგორ დატოვებთ “მთავარ” ოპოზიციურ პარტიად?!