ირმა ინაშვილი – პოლიტიკური კლოუნადა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს

როგორც ჩანს, “ქართულმა ოცნებამ” ორი მესიჯი დაამუშავა: პირველი- არ ითანამშრომლებენ სააკაშვილის და ბოკერიას პარტიებთან და მეორე- არ ითანამშრომლებენ პარტიასთან, რომელსაც განსხვავებული საგარეო ვექტორი აქვს, ანუ ჩვენთან! -წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ახლა დააკვირდით. “ქართული ოცნება” 8 წელია გადასარევად და კომფორტულად თანამშრომლობს სააკაშვილის და ბოკერიას პარტიებთან. ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, არ დასაჯა დამნაშავეები, ზემოხსენებულ პარტიას ყველა არჩევნებში ხელოვნურად დაუწერა მაღალი მაჩვენებელი, ხელოვნურად ამაგრებდა და აფიქსირებდა სააკაშვილისა და ბოკერიას პარტიებს, როგორც თითქოსდა მთავარ ოპოზიციურ ძალად. შეგნებულად არ უჭერს მხარს ჩვენს რეზოლუციას, რომ პოლიტიკური შეფასება არ მისცეს წინა რეჟიმს.

რაც შეეხება საგარეო ვექტორს და განსხვავებებს ხედვაში, საერთოდ რა საგარეო ხედვა აქვს მმართველ პარტიას? რა სტრატეგია აქვს? “ნატო გვინდა” – ეს არაა ხედვა. მითუმეტეს, კარგად იცი, რომ ნატოში გაწევრიანების შანსი გვაქვს მინუს ერთი. “ქართული ოცნების” საგარეო ვექტორი, – ესაა ქვეყნის ვერდაცვა მუდმივი საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევებისაგან, ამ საფრთხეებისადმი არაგონივრული მიდგომა, უნიჭო თამაში როგორც რუსეთის, ისე ამერიკის პოლუსზე (დეტალებზე სხვა დროს ვისაუბრებ)… თამაში და არა გააზრებული, სახელმწიფოებრივი, გაბედული პოლიტიკის წარმოება, რათა არ დავკარგოთ არა მარტო ახალი ტერიტორიები, არამედ არ დავკარგოთ ქვეყნის გამთლიანების შანსი და ბოლოს, არ დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

და მესამე- “ქართული ოცნება” კი გარდატყდა და დათანხმდა პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ მენტალურად არაა მზად არც მრავალპარტიული პარლამენტისთვის, არც კოალიციური მმართველობისთვის, ხელისუფლების გაყოფისა და დათმობისთვის ხომ საერთოდ… ამიტომ შემოაგდეს კობახიძის “პროგნოზი”, რომ დატესტონ ზოგადად საზოგადოების და კონკრეტულად პარტიების განწყობაც. კვლავ ვიმეორებ: 60%,- ესაა ხელისუფლების უზურპაცია და უზურპაციაზე პასუხი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, – ესაა მოქმედება უზურპაციის წინააღდეგ! დიახ, რევოლუცია ჰქვია ამას.

ამიტომ აქედანვე ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს და ქართველ ხალხს: რთული პროცესები გველის წინ. 2020 წელს. ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლოუნადა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. უბრალოდ, აღარ გვაქვს მორიგჯერ დასაკარგი წლები. ჩვენს ქვეყანას არა აქვს დასაკარგი დრო, თორემ ჩვენი პერსონალური წუხილები  აქ მოსატანიც არაა.