სავალდებულოა პირბადე, იკრძალება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები, ღამის კლუბები

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება.

დღეს გარდაცვლილთა რიცხვმა  წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსმა 44 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მედიკოსების აზრით, მკაცრად უნდა  გაკონტროლდეს მასობრივი ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი  უახლოეს პერიოდში მაჩვენებლების კიდევ უფრო მკვეთრ ზრდას არ გამორიცხავენ. 

სწორედ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო ღია სივრცეში კვლავ გახადა.  ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება პირაბადე აუცილებელი იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ამის გარდა მკაცრდება რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლიც

“ღამის კლუბების ფუნქციონირება აკრძალულია, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში და აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება.

კვების ობიექტების ფუნქციონირება შეზღუდულია 00:00- 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებას ასევე მკაცრად გაკონტროლდება.

მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზი პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში კი დაილუქება,” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გიორგი ღიბრაძის თქმით, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და კოვიდგადატანილი პირები, რომელთაც აქვთ ერთი დოზა ვაქცინა გაკეთებული გათანაბრდებიან ორი დოზით ვაქცინირებულ პირებთან და მათზეც გავრცელდება ის რეგულაცია, რაც არის სრულად ვაქცინირებული პირებისთვის.

როგორ იმოქმედებს გამკაცრებული რეგულაციები კოვიდვითარებაზე, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ  ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგნოზი ემყარება საერთაშორისო ინსტიტუტების გაზომვებსა და პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც პირბადის 95%-იანი გამოყენება შემთხვევებს 1000 ერთეულით ამცირებს,

“პირბადის გამოყენების მაჩვენებლით ჩვენ დღეს ვართ 51%-იან ნიშნულზე, აპრილი მაისში ვიყავით 75%-ზე და განსხვავებასაც ვხედავთ. რა თქმა უნდა დელტა შტამი თავის როლს თამაშობს, თუმცა პირბადე იქნება ისა საშუალება, რაც მოკლე ხანში, იმოქმედებს, რა თქმა უნდა თუ დაიცავს მოსახლეობა.

მეორე, რაც შეეხება სოციალურ აქტივობებს, დღეს ჩვენ დაახლოებით 10%-ით მაღალი გვაქვს მობილობა ვიდრე ეს იყო რამდენიმე თვის უკან და ესეც ქმნის მაღალ და კარგ პირობებს ინფექციის გავრცელებისთვის. ქორწილების და მსგავსი დიდი თავშეყრების შეზღუდვა, ასევე იქნება, ამის პროგნოზული პერიოდი დაახლოებით 2 კვირიანია. აუცილებელია ამ ორივე შეზღუდვის ზუსტად აღსრულება,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის საერთო შემთხვევების საერთო რაოდენობიდან სიკვდილობის მაჩვენებელი 1.4%-ს შეადგენს, რაც, მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ არის. თუმცა, თამარ გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ ინფიცირების დღიური შემთხვევების მატებამ, შესაძლოა, სიკვდილობის მაჩვენებლის გაზრდა გამოიწვიოს.

“შემთხვევების მართვის გამოცდილება დღეს ბევრად უკეთესია და პირობებიც ბევრად უკეთესია, თუმცა არის უბრალოდ გარკვეული ზღვარი, რის იქითაც მედიცინა უძლურია და ამას რა თქმა უნდა ყველა ვხედავთ.

შემთხვევების რაოდენობა, რაც გაიზრდება დაახლოებით 2-3 კვირის პერიოდში ამას მოჰყვება უკვე სიკვდილობის მაჩვენებლების გაზრდა. ხვალ შეიძლება დაბალი იყოს ეს მაჩვენებელი შედარებით, თუმცა, როდესაც 4000 შემთხვევა დღეში ფიქსირდება, პროგნოზული მოლოდინი არის, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში 4000 შემთხვევების 1.4% დასრულდება ლეტალური გამოსავლით,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ასევე იგეგმება თუ არა ბათუმის ბულვარში, ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტების ჩატარება მძიმე ეპიდვითარების პარალელურად,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ არცერთი ღონისძიება რეგულაციების დაცვის გარეშე არ ჩატარდება .

“არცერთი მასობრივი ხასიათის ღონისძიება ბათუმში არ გაიმართება, თუკი წესების მკაცრი დაცვა არ იქნება, როგორიცაა პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა და ზოგადად, მოქმედი რეგულაციები, რაც არის თავისი კლასიკური გაგებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი ღონისძიებები აღარ გაიმართება,”- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დღეს რაც საქართველოში ხდება ყვლაზე ტრაგიკული სიტუაციაში ვართ, რადგანაც შეგვეძლო სხვადასხვა რეგულაციების მკაცრი კონტროლით და სწორი ვაქცინაციის პირობებში ამ ადამიანების სიცოცხლე გადაგვერჩინა. სურგულაძე ამბობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პანდემიამ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ვიდრე აფხაზეთის ომმა. ამიტომ ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა უიარაღოდ  ვებრძვით.

„ჩვენ ვართ ომში და ეს ხელსუფლებას არ ესმის. ვიღაცამ ხომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარეთ პირბადე არ უნდა გვეტარებინა, პასუხი იმან არ უნდა აგოს? ესე იგი რისკები ვერ გათვალეს და ასე დაუცველი ხალხი ღმერთის ანბარად მიატოვეს. რას ქვია რეგულაციები გავამკაცრეთ. რეგულაციები თუ არ სრულდება და მისი კონტროლის მექანიზმი ძლიერი არ არის, დაწესებას რა აზრი აქვს? რეალურად არსად ეს რეგულაციები არ სრულდება.

ყველა სექტორი ამის შესრულებაში ჩართული უნდა იყოს. ჩვენ რას ვხედავთ? ხალხმრავალ ღონისძიებებს, დაუცველ რეგულაციებს და მიშვებულ ხალხს, რომლებიც ასე უმოწყალოდ გვეხოცება. არ ვიცი მინისტრის მოადგილემ 51%-იანი ნიღბების ტარების სტატისტიკა საიდან აიღო, რადგანაც თბილისის გარდა, არსად რეგიონებში და სხვა დიდ ქალაქებში პირბადეს არავინ ატარებს. ამიტომაც შეგვეძლო ეს ხალხი გადაგვერჩინა, თუ კი თანმიმდევრული და მკაცრი კონტროლის მექანიზმები გვექნებოდა“,-ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ქვეყანაში საინფორმაცია პოლიტიკა არ არსებობს და მოსახლეობა ელემენტარულ ვაქცინაციის მნიშვნელობას ვერ ხვდება. არ არის ხალხში ვაქცინის გაკეთების მასობრივი მოწოდება.

“არა გყვავს ლიდერები, რომლებიც მისაბაძი იქნებიან და ხალხს მაგალითს მისცემენ. დღეს ქეიფი, კონცერტები, თავშეყრის ადგილები დანაშაულია, იმიტომ რომ ხალხი გვეღუპება და ვერ ვშველით. ასე თუ გაგრძელდა, უარესი სურათი გვექნება“,-ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“.

რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ დღეს მიღებული რეგულაციები მაისის მდგომარეობასთან დაბრუნებას ნიშნავს, რაც კიდევ ერთხელ პანდემიის არაკვალიფიციურ მართვისკენ მიუთითებს. კალოიანი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჩვენ პრაქტიკულად 3 თვე დავკარგეთ,რის გამოც კოვიდმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა . ექიმი ამბობს, რომ ეს რეგულაციები, რომელიც მაისში გაუქმდა, სრულიად გაუგებარი იყო, რადგანაც ქვეყნის მოსახლეობის  დიდი ნაწილი აუცრელი იყო და პანდემიის კონტროლის მიშვება ასე არ შეიძლებოდა.

„სამწუხაროდ პოზიტიურად განწყობილი არ ვარ, რადგანაც პანდემიასთან ბრძოლისთვის მზად ისევ არ ვართ. ქვეყანაში არ მოხდა დროული ვაქცინაცია და რეგულაციების მინიმალური აღსრულებაც კი აღარ ხდება.

“არ ველი რეგულაციების შემდეგ სიტუაციის  მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, რადგანაც ხელისუფლება ამ რეგულაციების მართვას ვერ შეძლებს. თუ არ არის მკაცრი ლოქდაუნი, ხელისუფლება რეალურად რეგულაციების მკაცრ აღსრულებას ვერ ახერხებს.

“სწორი იქნებოდა, მასიური თავშეყრების აკრძალვა, ნიღბის ტარების მკაცრი კონტროლი, რადგანაც რეგიონებში ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. დახურულ სივრცეშიც კი საკურორტო ადგილებში ნიღაბს არავინ  ატარებს. მხოლოდ რეგულაციების სიტყვიერი გამოცხადება საკმარისი არაა, მისი აღსრულება უნდა ხდებოდეს“, – ამბობს ექიმი „რეზონანსთან“.