ცერცვაძე: მაქვს ინფორმაცია, თვითიზოლაციაში მყოფთა ნაწილი მაინც დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან, ნაწილი არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას.
– “კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაციის პრინციპი, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას. თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი“ – განაცხადა ცერცვაძემ.
წყარო: ptn.ge