თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურება გაიზრდება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აგვისტოს ისაუბრა საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა ანაზღაურების ზრდის საჭიროებაზე.
კალაძე 11 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას და თქვა, რომ „მომავალი წლიდან შრომითი ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გადაიხედება“.
მერის თანახმად, არსებული სახელფასო განაკვეთებით, რომელიც წლებია არ შეცვლილა, სათანადოდ არ არის დაფასებული სახელმწიფოს და მოქალაქეების სამსახურში მყოფი ადამიანების შრომა.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა, არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები. რადიკალურად შეიცვალა იმ პროექტების განხორციელების პროგრამა, რომელიც გამოცხადებული გვქონდა, თუმცა, პრიორიტეტი გახდა სხვა მიმართულებები“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა თავის მოადგილეებს დაავალა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად იმუშაონ, რათა ხელფასების მატება 2022 წლის იანვრიდან გახდეს შესაძლებელი.
კალაძემ თქვა, რომ მომავალი წლიდან ხელფასების მატება შესაძლებელი იქნება „იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა“.
მის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, „არსებული განაკვეთები შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორში არსებულ განაკვეთებს“.
„საჯარო სექტორი ანაზღაურების თვალსაზრისით, კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს, რაც კვალიფიციური კადრების გადინებას უწყობს ხელს. ჩვენ გვაქვს პრობლემები, როდესაც ხშირად კვალიფიციური კადრები საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გაედინება, რადგან არსებული ხელფასები ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, მისი სტატუსის და დაფინანსების მოცულობით გამორჩეულია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის.
ორგანიზაციის ცნობით, ქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აჭარბებს, შესაბამისად, როგორც აღმასრულებელი ისე წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ საბიუჯეტო სახსრების რაციონალური განკარგვა მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული.
“ნეტგაზეთი”