სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის დასაწყისი სომხეთში? | პარლამენტში მედიას გადაადგილება აუკრძალეს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხეთის ახალმა პარლამენტმა მედია საშუალებების წარმომადგენელთა შენობაში გადაადგილებისა და სხვა უფლებების შეზღუდვა დაიწყო.

ჟურნალისტები, რომლებიც სომხეთის ეროვნული კრების – პარლამენტის ამბებს ადგილიდან აშუქებენ, აცხდებენ, რომ მათი უფლებები თავისუფლად მუშაობასთან დაკავშირებით, უკვე შეზღუდულია.

ახალმა პარლამენტმა მუშაობის დაწყების პირველივე დღეს მედიის წარმომადგენლებს არასასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო. თუკი იქამდე ჟურნალისტები შენობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და რესპონდენტებთანაც თავისუფალი წვდომა ჰქონდათ, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.

კორიდორი, რომელიც სომხეთის პარლამენტის ახალ შენობას ძველთან აკავშირებს, ასევე დაიკეტა ჟურნალისტებისთვის. ახალ შენობაში განთავსებულია ეროვნული კრების ახალი სპიკერისა და ვიცე-სპიკერის კაბინეტები, რომელთა უსაფრთხოებას სამხედრო ფორმებში ჩაცმული თანამშრომლები იცავენ.

ახალი რეგულაციებით შეშფოთებული არიან ოპოზიციონერი დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ეროვნული კრება აქამდე ყოველთვის  დემოკრატიული სტრუქტურა იყო.

საპასუხოდ ხელისუფლება აცხადებს, რომ ცვლილებები არ მოიაზრებს შეზღუდვას და მხოლოდ პარლამენტის “მუშაობის სისტემატიზაციას” ემსახურება.

“არასწორია სიტყვა “შეზღუდვის” გამოყენება, საუბარია მუშაობის პროცედურის განსაზღვრაზე. ჟურნალისტები აქამდე კორიდორებში დასდევნდნენ დეპუტატებს, იყო შეურაცხყოფაც, დეპუტატები სცემდნენ ჟურნალისტებს. ყოველივე ეს დაძაბულობას ქმნიდა. ჩვენ არ ვგეგმავთ მედიის შესახებ კანონში ცვლილებებს, უბრალოდ გამოიყოფა ცალკე ადგილი ბრიფინგებისთვის, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ დეპუტატებთან კომუნიკაციის, ასევე, მათ შეუძლიათ მათთან კომუნიკაცია პარლამენტის ეზოში. იქვე იქნება კაფე, სადაც საუბარს შეძლებენ”, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა.

ყოფილი ჟურნალისტი თაგუი თოვმასიანი, ოპოზიციური ბლოკის “მაქვს ღირსება” წევრი, იხსენებს, რომ წინა ხელისუფლების დროსაც ცდილობდნენ ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვას, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს.

“ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ჩვენ ტრადიციულად თავისუფლად ვაგრძელებდით მუშაობას პარლამენტის შენობაში”, – ამბობს ის.

სხვა ოპოზიციური ფრაქციის წევრი ავგან ვარდანიანი ფიქრობს, რომ ჟურნალისტების გადაადგილების შეზღუდვა პარლამენტში, ხელისუფლების შიშით არის გამოწვეული.

“ეს ყველაზე მტკივნეული რეალობაა. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ჟურნალისტებისთვის, მათი შიშის, უუნარობისა და სისუსტის გამოვლინებაა”.

შეზღუდვები ვრცელდება ასევე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ საპარლამენტო ლოჟაზეც, სადაც აქამდე მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შუშის მიღმა დაკვირვებოდნენ დეპუტატების მუშაობისა და კენჭისყრის პროცესს.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება სხდომებს თვალი მიადევნონ. პირდაპირი ტრანსალაცია კი, ვერ მისცემს მათ შესაძლებლობას, ტრიბუნებს მიღმა დააკვირდნენ დეპუტატებს, მათ კომუნიკაციას, კამათს, დაპირისპირებას და ა.შ.

მედიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ჩხუბისა და სხვა ინციდენტების დროს პარლამენტის თანამშრომლები ტრანსლაციას გათიშავენ.

ყოფილი ჟურნალისტი, სარგის ხანდანიანი, ამჟამად უმრავლესობის პარტიის წევრი აცხადებს, რომ პარლამენტი სახელმწიფო დაწესებულებაა და შესაბამისად, “ნებისმიერი ადამიანი იქ დაწესებულ წესებს უნდა დაემორჩილოს”.

პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ ამასთან, პარლამენტის აპარატი ყველა პირობას შეუქმნის ჟურნალისტებს მუშაობისთვის.

მისი დაპირების მიუხედავად, ფოტოგრაფმა ლილიან გალსტიანმა, რომელიც მრავალი წელია პარლამენტის ყოველდღიურ მუშაობას იღებს, უკვე მიიღო ევრონული კრების აპარატიდან წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ის ვეღარ შეძლებს შენობაში შესვლას.

აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ანა გრიგორიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც ფოტოგრაფმა პარლამენტის ფორმიანი დაცვის წევრების ფოტოები გადაიღო. მისი ფოტოები ფეისბუკის სომხურ სეგმენტში ფართოდ გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

“12 წელია რაც ეროვნული კრების საქმიანობას ვიღებ, აქამდე არასოდეს შემქმნია მსგავსი პრობლება, ძალიან გაკვირვებული ვარ”, – ამბობს ის.

სომხეთის ინფორმაციის თავისუფლების ცენტრის ხელმძღვანელი შუშან დოიდოიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწესებული შეზღუდვები ჟურნალისტური საზოგადოების წინააღმდეგ გამოცხადებული ომია, თუმცა, იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება არ იქნება პერსპექტიული.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში რამდენიმე ჟურნალისტი უკვე შეხვდა პარლამენტის სპიკერს, ალენ სიმონიანს. ერთ-ერთი მათგანი ვაგე მაკარიანია. მისი თქმით, სიმონიანი მათ დაპირდა, რომ შეზღუდვების მოხსნის საკითხში შუამავლის როლს შეასრულებს.

“შეგვპირდა რომ ჩვენი ადვოკატი გახდება ამ საკითხში და ჩვენს უფლებებს დაიცავს. თუ ამ შეზღუდვებს არ გადახედავენ, პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობას აზრი აღარ ექნება. ჩვენ რა თქმა უნდა, დავურეკავთ დეპუტატებს, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური მუშაობისთვის საკმარისი”.

სომხეთში მომუშავე პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პარლამენტში მედიის მუშაობის შეზღუდვა არ არის შემთხვევითი და ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის დასაწყისი სომხეთში.

პოლიტოლოგ აკობ ბადალიანის აზრის, ხელისუფლებას ეშინია კითხვების, რომელზე პასუხიც მას არ აქვს.

“მას შემდეგ რაც ქვეყნის კაპიტულაცია მოხდა, საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა, მაგალითად, რატომ გადაეცა ყარაბაღის მიწები აზერბაიჯანს, რატომ ვერ შეაჩერეს ომი დროულად და ა.შ. ეს ის კითხვებია, რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა მმართველ ფრაქციაში ჩვენ ვხედავთ დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ მათი ლიდერის მოქმედებების ახსნა. ზუსტად ამიტომაც ჟურნალისტების არიდება ხდება პოლიტიკოსებისგან”, – ამბობს პოლიტილოგი.

ბადალიანის განცხადებით, ხელისუფლება სომხეთში აღარ რის დემოკრატიული და მსგავსი ცვლილებები და შეზღუდვები ყველა სფეროში დაიწყება, დემოკრატია და თავისუფლება კი რთულად, მაგრამ მაინც მისაღწევი იქნება.

 

“ნეტგაზეთი”