ავღანეთში აშშ-ის კრახმა აჩვენა საბჭოთა არმიის სიმართლეც და უპირატესობაც!

ავღანეთის ოცწლიანი ოკუპაციის შედეგები ასეთია (წყარო): სულ მცირე, 70 ათასი დაღუპული სამოქალაქო პირი, კიდევ 75 ათასი ადგილობრივი სამხედრო და პოლიციელი, ისევე, როგორც 85 ათასი ადამიანი, რომლებიც ოკუპანტი ძალის მიერ “მტრულ მებრძოლებად” იყვნენ შეფასებულნი. ჯამში, 230 ათასი ძალადობრივი გზით გარდაცვლილი ანუ ომში მოკლული ადამიანი გამოდის, რასაც თავად ოკუპანტთა მხრიდან დაღუპული, ყველაზე მოკრძალებული შეფასებით – 10 ათასი კაცი ემატება.

კარგად დააკვირდით “ავღანელების” სახეებს – ბრძოლებში გამობრძმედილ, საუკეთესო საბჭოთა მეომრებს. 

 

ქვეყნის ეკონომიკა იმავე დონეზეა, როგორც 2001 წელს იყო, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარი, ვითომ “დახმარება”, მოედინებოდა. სინამდვილეში ეს ფული იყო დიდი კორუფციის წყარო და საკუთრივ დასავლეთის საზოგადოების თავხედური მოტყუება. ავღანეთის ომით დიდი ფული იშოვეს არაკეთილსინდისიერმა კონცერნებმა, სამხედროებმა და პოლიტიკოსებმა.

საქართველოშიც ვიცით ასეთი “დახმარებები”, როდესაც ვითომ ჩვენთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი ისევ დასავლურ ბიუროკრატიასა და ფირმებში ბრუნდება უკან, მეორე ნაწილი კი ათვისებულია ადგილობრივი ბიუროკრატიისა და ე. წ. არასამთავრობო სექტორის მიერ. ავღანეთში ამ ყველაფერს გაცილებით დიდი მასშტაბები და დაუნდობელი ხასიათი ჰქონდა. ტერორიზმის ეგიდით წარმოებულ ომში აშს-ს მიერ ოცი წლის მანძილზე 6,4 ტრილიონი (!) დოლარი დაიხარჯა (იხ. ზემოთ დასახელებული წყარო), აქედან – ავღანეთში წარმოებულ ოკუპაციაზე – 2,6 ტრილიონი.

მიუხედავად ამ ასტრონომიული ხარჯებისა, ავღანეთს ოდნავადაც არ დაეტყო წინსვლა, პირიქით, საოკუპაციო ძალების იძულებითი გასვლის შემდეგ, ქვეყანა სულ რაღაც ერთ თვეში დაიკავეს თანამედროვე მოჯაჰედებმა – ტალიბებმა. შედარებისთვის: როდესაც საბჭოთა არმიამ ავღანეთი (ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა) 1989 წლის დასაწყისში დატოვა, საბჭოთა ინსტრუქტორების მიერ მომზადებულმა ჯარებმა თავისით მოიგერიეს მოჯაჰედების შემოტევა და სრულ კონტროლს ახორციელებდნენ ქვეყნის უმეტეს ნაწილზე. რომ არა საბჭოთა კავშირის [მოღალატობრივი] დანგრევა, შესაძლოა, ტალიბებად რეორგანიზებული მოჯაჰედები ვერც დაპატრონებოდნენ ავღანეთს. შეგახსენებთ, რომ პროსაბჭოთა ნაჯიბულას ხელისუფლებამ ქვეყანაზე კონტროლი დაკარგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ანუ 1992 წელს, ხოლო ტალიბებმა საბოლოოდ 1996 წელს გაიმარჯვეს ანუ საბჭოთა ჯარების ქვეყნიდან გასვლის მე-7 წელს.

ტალიბების ფენომენალური წარმატება მიმდინარე 2021  წელს მხოლოდ მათ სამხედრო უპირატესობაზე არ არის დაფუძნებული. წინააღმდეგობა მათ მხოლოდ ოფიცერთა კორპუსმა გაუწია – ანუ მათ, ვინც პირდაპირ თანამშრომლობდა ამერიკელებთან და სხვა ოკუპანტებთან და უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. მაგრამ უბრალო, რიგითი ჯარისკაცები, თითქმის ყველგან, ტალიბების მხარეს გადადიოდნენ, უომრად. სხვათა შორის, თავად აშშ პრეზიდენტმა ბაიდენმა დაიჩივლა და მართალიც იყო: თუკი თავად ავღანელებს არ უნდათ, შეინარჩუნონ არსებული მთავრობა, ჩვენ მათ ვერ დავეხმარებითო. დიახ, ავღანელებმა, მიუხედავად ტალიბანის ცნობილი სისასტიკისა, არ შეაკლეს თავი არსებულ პროდასავლურ ხელისუფლებას და ქვეყანა ტალიბებს ჩააბარეს. ეს იმას მოწმობს, რომ ავღანელი ხალხი ამერიკელებსა და მათ მოკავშირეებს ამ ოცი წლის მანძილზე არასოდეს მიიჩნევდა კეთილისმყოფლად, მოკავშირედ ან მფარველად.

განსხვავებით ამერიკელებისაგან, რუსებს ანუ საბჭოთა ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, საბჭოთა ინსტრუქტორებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს – ბევრი ავღანელი აღიქვამდა მეგობრად. სწორედ ამიტომ გაძლო ნაჯიბულამ კიდევ 7 წლის მანძილზე, საბჭოთა ჯარების ქვეყნიდან წასვლის შემდეგ (გაძლება კი სწორედ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გაუჭირდა და ქვეყნის დიდ ნაწილზე დაკარგა კონტროლი). მართლაც, საბჭოთა ჯარებმა ავღანეთი თანმიმდევრობით, ეტაპობრივად დატოვეს – ჯერ სამხრეთი რაიონებიდან, შემდეგ ცენტრიდან და ბოლოს, ჩრდილოეთის პროვინციებიდან გავიდნენ. უკან რუსებმა ამერიკელებივით “გამომწვარი მიწა” კი არა, სკოლები, საბავშვო ბაღები, პოლიკლინიკები, კულტურის სახლები, სპორტული დარბაზები დატოვეს – ყველაფერი უანგაროდ. საბჭოთა სპეციალისტები მუშაობდნენ ავღანელ ხალხთან, ესაუბრებოდნენ მათ, განათლება შეჰქონდათ ხალხში, იწვევდნენ არაერთ ავღანელს საბჭოთა კავშირში სასწავლებლად; ამერიკელების ძალაუფლება კი მხოლოდ იარაღის ძალაზე იყო დამყარებული.

გარდა ამისა, ძალიან მნიშნელოვანია მომენტი: ავღანეთის 2001-2021 წლების ოკუპაციაში შეერთებულ შტატებს ხელს არავინ უშლიდა, მათ შორის, რუსეთი. პირიქით, ამერიკა თავისი მოკავშირეების, მათ შორის, საქართველოს მონური დახმარებით სარგებლობდა – ურცხვად და ეგოისტურად. სამაგიეროდ, საბჭოთა ჯარებს 1980-იანი წლების ავღანეთში ვიღაც გაუთლელ მებრძოლებთან კი არა, სწორედ შეერთებული შტატებისა და პაკისტანის მიერ დაფინანსებულ, გაწვრთნილ, შეიარაღებულ და ყოველმხრივ მხარდაჭერილ პროფესიონალებთან მოუხდათ დაპირისპირება. საბჭოთა არმიამ ამ დაპირისპირებას, პრობლემების და მსხვერპლის მიუხედავად, ღირსეულად გაუძლო: ჩაახშო ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის მე-4 საარტილერიო პოლკის  ანტისამთავრობო აჯანყება 1980 წლის დასაწყისში, ხუთჯერ 1980-85 წლების მანძილზე,  მოახდინა პაკისტანთან მოსაზღვრე კუნარის პროვინციის დებლოკირება და მოჯაჰედებისგან გაწმენდა, ასეთივე წმენდები რეგულარულად ტარდებოდა პანჯერის ხეობაში, ხოლო 1986 წელს ავღანეთის არმიამ და უშიშროების ძალებმა, საბჭოთა ჯარის დახმარებით, მოსპეს მოჯაჰედების საყრდენი პუნქტები ჰერატის პროვინციაში, ირანის საზღვართან ახლოს. იყო კიდევ სხვა არაერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია (მაგალითად, ოპერაცია “მაგისტრალი”, რომლის შედეგად მე-40 არმიის სარდალმა ბორის გრომოვმა და 103-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სარდალმა პაველ გრაჩოვმა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიიღეს), მათ შორის ბოლო – საბჭოთა არმიის შენაერთების გასვლის წინ, 1989 წლის იანვარში, ქვეყნის ჩრდილოეთში (ოპერაცია “ტაიფუნი”), რის შედეგადაც გაწმენდილ იქნა გასასვლელი კორიდორი საბჭოთა ჯარისკაცებისთვის.

ამერიკელები 20 წლის მანძილზე მხოლოდ საყრდენ პუნქტებში – ავიაბაზებზე ბაგრამში, მაზარი-შარიფში, ყანდაჰარში, ჯალალაბადსა და კუნდუზში იყვნენ გამაგრებულნი და იქიდან იშვიათად გამოდიოდნენ საბრძოლველად, საბჭოთა არმია კი ავღანეთის მთელი საზღვრის პერიმეტრზე იდგა, აქტიურად მოქმედებდა ქვეყნის შიგნითაც. 140-ათასკაციანი საბჭოთა კონტინგენტი (მინიმალური ადამიანური დანაკარგებით!) თავაწეული, გაშლილი დროშებით, მარშით გავიდა ავღანეთიდან სამშობლოში. ეს სულ არ ჰგავდა ამერიკელების ამჟამინდელ ევაკუაციას ანუ “ფათხა-ფუთხით” გაქცევას.

ერთი სიტყვით, საბჭოთა არმიას, ამერიკული ჯარებისგან განსხვავებით, ავღანეთი ქაოსსა და უპერსპექტივობაში არ დაუტოვებია! ეს არის ცხადზე უცხადესი ფაქტი და ისტორიული სიმართლის ხათრით, ყველა “დასავლეთუმემაც” უნდა აღიაროს! ლიბერასტურმა (პირველ რიგში რუსულმა!) მასმედიამ ავღანეთის ომი საბჭოთა კავშირის მარცხად წარმოაჩინა – ქვეყანას უნერგავდნენ წაგებულის (“ლუზერის”) სინდრომს, თითქოს საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის საქმეებში ჩარევა ავღანელების ინტერესში არ შედიოდა (არადა, საბჭოთა ჯარების შესვლამ 1979 წელს ავღანეთში ათწლეულზე მეტი ხნით იხსნა ეს ქვეყანა ისლამისტური სიბნელის გამარჯვებისაგან), თითქოს ჩვენი (დიახაც, ჩვენი!) არმია ლამის ყველა ბრძოლას აგებდა მოჯაჰედებთან, იყო მასობრივი დეზერტირობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო გაზვიადებული, ახლა რომ მოდაშია ტერმინი – “ჰიბრიდული ომის” ნაწილი, მიმართული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რომელიც ბევრად უფრო კეთილშობილი აღმოჩნდა, ვიდრე “თავისუფალი” და “დემოკრატიული” ამერიკა.

 

გულბაათ რცხილაძე