ირანის პრეზიდენტი: ირანი ყველაფერს გააკეთებს ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ირანი ყველაფერს გააკეთებს ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
„ამერიკის სამხედრო დამარცხება და ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ავღანეთში ცხოვრების, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობად უნდა იქცეს. ირანი ყველაფერს გააკეთებს სტაბილურობისთვის, რაც დღეს ავღანეთის უმთავრესი საჭიროებაა“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
წყარო: itv.ge