ვისთვის გახდება კოვიდტესტირება ფასიანი: გამყრელიძის განცხადება

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ აიცრებიან, კორონავირუსზე ტესტირება უფასო აღარ იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ხალხის იმ ჯგუფებზე, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ინტენსიურად იტესტებიან, მათ შორის, მაღაზიების, მოლების თანამშრომლები, ასევე მასწავლებლები და სამართალდამცველები.

 

„დიდია ეს ჩამონათვალი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ აიცრან ორჯერ, ასეთ დროს სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას. სხვა შემთხვევაში კი მათ მოუწევთ თავად ან დამსაქმებლებმა გადაიხადონ ტესტირების თანხა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული წესი სამედიცინო პერსონალზე მაინც არ გავრცელდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კორონავირუსზე სავალდებულო, ინტენსიურ ტესტირებას სხვადასხვა ჯგუფები ექვემდებარებიან და მათი ტესტირება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მათ შორის არიან სამედიცინო პერსონალი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ბრალდებული/მსჯავრდებულები, სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები) მომუშავე პირები, ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული) მომუშავე პირები, მასწავლებლები და ა.შ.

 

“სპუტნიკი”