საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან გამოემგზავრა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთიდან საქართველოს 6 მოქალაქე უკვე გამოემგზავრა. დანარჩენების დაბრუნებაზე კი მუშაობა მიმდინარეობს.

უწყება წერს, რომ აღნიშნული 6 მოქალაქე ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში. ისინი ქვეყანაში უნგრული თვითმფრინავით დაბრუნდებიან. რაც შეეხება დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანას:

„ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოყენებული.

მათ შორის გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე. თუმცა, როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით, ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ, რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება.

საგარეო უწყება რჩება მუდმივ კავშირზე როგორც ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის მუდმივი კავშირი გვაქვს ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც არიან უსაფრთხო ადგილას და თავს გრძნობენ დაცულად“, – წერია უწყების განცხადებაში.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ავღანეთში საქართველოს 24 მოქალაქე იმყოფება.


თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქში – ქაბულში შესვლა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. ავღანეთი მანამდე ერთადერთი ქალაქი იყო 24 ქალაქიდან, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ ჰქონდა დამყარებული. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა. ამ დროისთვის ქვეყანაში პრეზიდენტი აშრაფ ღანი აღარ იმყოფებოდა. ის, სავარაუდოდ, ტაჯიკეთშია.

 

“ნეტგაზეთი”