პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც არიან ჩართული. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში N:11 სარეაბილიტაციო დაწესებულების ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამ დროისთვის ვაქცინირებულია ოთხი არასრულწლოვანი მსჯავრდებული.
„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისიდან დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ️მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება 9 300-მდე პატიმარი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია 6 002 მსჯავრდებული/ბრალდებული, ანუ კონტინგენტის – 64 პროცენტი, მათ შორის რევაქცინირებული – 4 523, რაც 48 პროცენტს შეადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: newposts.ge