დონალდ ტრამპი – აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული

აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული, – ეს განცხადება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფოქსნიუსთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ქაბულის აეროპორტში განვითარებული მოვლენები და სცენები, როდესაც ავღანელები ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში ცდილობენ მოხვედრას, ვიეტნამის ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე უარესია.

„აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული, როგორც ახლაა. ეს ეხება როგორც სამხედრო თვალსაზრისით მარცხს, ისე ფსიქოლოგიურ მარცხს. ახლა ათასობით ადამიანი ჩარჩენილია ავღანეთში. ეს ძალიან რთული სიტუაციაა. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლება, მომხდარიყო“, – განაცხადა ტრამპმა.

ამავე დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას მოძრაობა „თალიბანთან“ „შესანიშნავი გარიგება ჰქონდა დადებული“, რომელზეც ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და მისმა გუნდმა იმუშავა.

„პირადად არაერთხელ ვესაუბრე „თალიბანის“ ლიდერ მულა ბარადარს. მე ის წინასწარ გავაფრთხილე, რომ თუ რომელიმე ამერიკელს რაიმე ცუდი გადახდება თავს, ჩვენ დაგარტყამთ ისეთი ძალით, როგორითაც არც ერთი ქვეყნისთვის არ დაურტყამთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის არასდროს ენდობოდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის, რადგან მისივე თქმით, ის ამ თანამდებობზე „ფულის და უცხოელ კანონმდებლებთან სადილების გამო იყო“.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის შესახებ შეთანხმება მოძრაობა „თალიბანსა“ და ვაშინგტონს შორის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შედგა. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ „თალიბანთან“ გაფორმებული შეთანხმება ტრამპისგან მემკვიდრეობით მიიღო და მასში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იყო.