რეგიონებში ნაციონალური მოძრაობა უფრო პასიურია და მგონია, რომ გიორგი გახარია აჯობებს ნაცმოძრაობას.
წინასაარჩევნო პერიოდში, აქტიურად განიხილება ამა თუ იმ პარტიისა და კანიდიდატის რეიტინგი. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში, თითქმის ერთხმად თანხმდებიან, რომ თბილისში კახა კალაძე უპირობოდ გამარჯვებულია და ოპოზიციურ ფლანგზე მას ღირსეული მეტოქე არ ჰყავს. შესაბამისად, დედაქალაქში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიგებს.
რაც შეეხება რეგიონებს, აქ ხმები სხვანაირად ნაწილდება და რამდენიმე პარტიის უპირატესობა იკვეთება. ექსპერტები გამოყოფენ მმართველ პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციიდან: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „გიორგი გახარია – საქართველოსთვის“.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონებში ერთი მხრივ „ქართული ოცნების“ კონკურენტი, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, იმ შემთხვევაში, თუკი მეორე ტურიც ჩატარდება. თუმცა, მეორე ნაწილი გიორგი გახარიას პარტიას ასახელებს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მომხდარი ყველა სიავე ახსოვს და შესაბამისად, მისი თქმით, მეორე ტურის შემთხვევაში, უპირატესობა გიორგი გახარიას პარტიას ექნება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად დარჩება. საყვარელიძის თქმითვე, რეგიონებში, ბოლო პერიოდში გიორგი გახარიას პარტია საკმაოდ გააქტიურდა.
„მას შემდეგ, რაც თბილისის თემა „გაირკვა,“ რა თქმა უნდა, რეგიონების თემა დგება. ხმები სამად გადანაწილდა, მაგრამ მგონია, რომ ამ გადანაწილებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაკლები შანსი აქვს. მაგალითად, სამეგრელოს რეგიონზე საუბარია, რომ „ნაციონალებს“ დაუჭერენ მხარს, მაგრამ ერთ-ერთი არსებითი ზიანი სწორედ რეგიონებს მიადგა – მათთან გაჩნდა ბევრი პრობლემა. ასევე, ვიცით სამეგრელოში რაც ხდებოდა სამართალთან დაკავშირებით – დაპატიმრება და წამება…
ამიტომ, მგონია, რომ რეგიონებში ეს მეხსიერება ამოტივტივდება და არ მოუნდებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების გამეორება. ამ მიზეზით და კიდევ იმით, რომ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო პასიურია, მგონია, რომ გიორგი გახარია აჯობებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
ბოლო პერიოდში აქტიურობა უფრო მეტად ახასიათებს გიორგი გახარიას, გამუდმებით რეგიონებში მოძრაობენ. „ქართული ოცნება,“ რა თქმა უნდა, წამყვანი პარტია იქნება და იქ შესაძლოა, მეორე „საპრიზო“ ადგილას სწორედ გახარიას პარტია აღმოჩნდეს და არა „ნაციონალების“ – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის ვარაუდით, იმის მიუხედავად, რომ გარკვეულწილად, გიორგი გახარიას გუნდის მეტ აქტიურობას ვხედავთ, მეორე ტურის შემთხვევაში, მთავარი წამყვანი ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ ხოლო მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.
„შანსები ბევრ რამეზეა დამოკიდებული – კანდიდატზე, პარტიაზე, სტრუქტურაზე. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სტრუქტურები აქვთ რეგიონებში და მათ კანდიდატებს გარკვეული გავლენა ექნებათ, მაგრამ არ ვიცით, გახარიას აქვს თუ არა პარტიული ჯგუფი, მაგალითად – ჩოხატაურში.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პირველ ტურში თუ ვერა, მეორე ტურში ყველგან იქნება. შანსი ვის რა ექნება, ეს უკვე დამოკიდებულია ადგილობრივ სიტუაციასა და კანდიდატებზე. გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასაც“ პარტიული სტრუქტურები აქვთ გამართული, მაინც ამ ორი პარტიის დაპირისპირება იქნება რეგიონებში ძირითადად“ – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო – „ქართული ოცნება.“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიღწევებს სჭირდება შენარჩუნება და განვითარება.
– “ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება. გვაქვს გეგმები ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ კიდევ უფრო ხარისხიანი სერვისი ჩვენს მოქალაქეებს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დროს, ერთადერთი უიშვიათესი გამონაკლისი პერიოდია, როდესაც უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა აქვს ჩვენს მოქალაქეებს. ბოლო 8 წლიანი პერიოდი არის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და გურულებმა, ჩვენ ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი. ჩვენმა მოსახლეობამ ნახა და გამოცადა ყველაფერი, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთსა და ოსეთში, ახლაც ომი ცხინვალის რეგიონში, ამიტომ, ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო, „ქართული ოცნება“. ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ჩვენი ხელისუფლების, თქვენი და ჩვენი ყველასი ერთად“ – თქვა ღარიბაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 40%-საც კი ვერ მიუახლოვდება.
– “მახსოვს, 2018 წელს ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მცხეთის საარჩევნო კამპანიაში და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ მცხეთაში მოვიგებდით არჩევნებს. მცხეთაში არჩევნები მოვიგეთ, ასე იქნება ახლაც. ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს. ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული. ადამიანებთან მაქვს შეხება და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას“ – აღნიშნავს მელია.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა, როგორც კეთილსინდისიერი ახალგაზრდები, ისე გამოცდილი პროფესიონალები.
– “ჩვენ არ გვინდა ქვეყნის უკუსვლა, სამწუხაროდ, ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, ჩვენი ბავშვების და ჩვენი მომავალი თაობისათვის. არავინ ვლანძღოთ, არავის ვეჩხუბოთ, არავის ვეომოთ – უბრალოდ ვიშრომოთ, ლანჩხუთის, გურიის და ამ ქვეყნის – ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის – ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
წყარო: newposts.ge