უნიკალური შანსი საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტისათვის! – გაიგებს ამას ხელისუფლება?!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესდღეობით მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი ძალაა, რომელიც საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი კანონების ერთგული შემსრულებელი დარჩა და გლობალურ თუ გლობალისტურ ფსიქოზს არ დამორჩილდა.

თითქმის ყველა სხვა ავტოკეფალურმა ეკლესიამ პირში წყალი ჩაიგუბა და შეასრულა ის ბრძანებები, რომლებიც საერო ხელისუფლებისაგან მომდინარეობდა. ფაქტობრივად, უკვე წინასწარ ვიცით, რომ ჩაშლილია აღდგომის სადღესასწაულო ღვთისმსახურება, ხშირ შემთხვევაში, შეწყვეტილია ზიარება, ზოგან თვით ზიარების წესშიც ცვლილებებია შეტანილი… რელიგიური ადამიანებისთვის აშკარაა, ნიშანი – კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ უკრაინაში ინსპირირებული საეკლესიო განხეთქილება, რუსეთის ეკლესიის მიერ კონსტანტინეპოლის პატრიარქის ფაქტობრივი განკვეთა და სხვა ამასთან დაკავშირებული მოვლენები, კარგ მომავალს არ მოასწავებდა.

ყველა მართლმადიდებლისათვის ამ სავალალო მოვლენებს ზედ დაერთო განხეთქილების მცდელობა საქართველოს ეკლესიის შიგნით, ერთი ბილწი ეპისკოპოსის მხრიდან პატრიარქის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის მცდელობა, პატრიარქის შეურაცხყოფა ყოველი მხრიდან, აღვირახსნილი კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ…

და აი, ამ ფონზე ქვეყანა დგება ინფექციის საფრთხის წინაშე და თითქოს ამ მიზეზით, ისევე, როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, საქართველოც “იხურება”. მაგრამ არ იხურება ეკლესიის კარები, პატრიარქმა ბრძანა, რომ შეუძლებელია, დაიხუროს ტაძრის კარები, შეუძლებელია, ეკლესიამ ზურგი აქციოს მრევლს და არ მისცეს ტაძარში ლოცვის და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის საშუალება.

გაჩნდა ყველა წინაპირობა საიმისოდ, რომ მართლმადიდებელმა სამყარომ სწორედ ქართული ეკლესიის წყალობით, ღირსეულად იზეიმოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, დაიცვას ყველა საეკლესიო კანონი, რომელიც თავად უფლის მიერ დადგენილი კანონებიდან გამომდინარეობს და ამ გზით შეანელოს ანტიქრისტეს გამეფება, რასაც, როგორც ვიცით, აპოკალიფსი – სამყაროს აღსასრული, ქრისტეს მეორედ მოსვლა და მის მიერ საშინელი სამსჯავროს მოწყობა მოჰყვება.

დიახ, ეს ასე იქნება ყველა მორწმუნე მართლმადიდებლის თვალში, მსოფლიოს მასშტაბით!

ახლა დავაკვირდეთ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით. ყველაზე უფრო რადიკალ ათეისტ, მაგრამ საქართველოს გულშემატკივარ მკითხველს ვთხოვ, ყურადღებით მოეპყროს ამ გარემოებას:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თუკი მან სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სახელმწიფოსთანვე შეთანხმებით, მაინც აღასრულა სააღდგომო ლიტურგია, მიიზიდა მრევლი და ვითარებიდან გამარჯვებული გამოვიდა, ეს იქნება ყველა თქვენგანის გამარჯვებაც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტორიტეტს აიმაღლებს მთელ მართლმადიდებელ სამყაროში, ჩვენი ეკლესია, ჩვენი პატრიარქი, ფაქტობრივად, ლიდერი გახდება მართლმადიდებელ ეკლესიებს და პატრიარქებს შორის.  ეს არის საქართველოსთვის უნიკალური შანსი, ეკლესიის მეშვეობით გაზარდოს თავისი საერთაშორისო გავლენა და ავტორიტეტი!!!

გონიერი ხელისუფლება ამ გარემოებას საქვეყნოდ გამოიყენებდა. მთავრობის ადგილზე რომ ვიყო, აუცილებლად დავუთმობდი ეკლესიის მესვეურებს (რომლებიც, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, დოგმატურ საკითხებში კონსოლიდირებულნი არიან პატრიარქის გარშემო) და გავაუქმებდი აღდგომის ღამეს “კომენდანტის საათის” მოქმედებას და 3-კაციანი შეკრების ლიმიტს. ხელს შევუწყობდი ეკლესიას, კიდევ უფრო ღირსეულად და ძლევამოსილად გამოჩნდეს. ეს არ არის მხოლოდ ეკლესიის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის პრესტიჟის გამყარება იქნება საერთაშორისო არენაზე.

თუკი ხელისუფლებაში მოკალათებული მავნე ელემენტები თავისას არ დაიშლიან, ეკლესია მაინც გაიმარჯვებს, მაგრამ ქვეყანა დაზარალდება. სჯობს, დავფიქრდეთ და ერმაც და ბერმაც კონსენსუსის გზით ვიმოქმედოთ!

 

გულბაათ რცხილაძე