ისრაელმა ღაზადან აალებადი ბუშტების გაშვების საპასუხოდ „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა. ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ეს საპასუხო ქმედება იყო პალესტინის ანკლავიდან აალებადი ბუშტების გაშვების შემდეგ, რამაც სამხრეთ ისრაელში ხანძარი გამოიწვია.

სამიზნე ობიექტები „ჰამასის“ კუთვნილი იარაღის საწარმო, რაკეტის გასაშვები ადგილი და გვირაბის შესასვლელი იყო. საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მაისში ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ისრაელ-ჰამასის 11-დღიანი კონფლიქტის შეწყვეტის შემდეგ, ღაზას სექტორიდან ბოევიკები ისრაელის მიმართულებით აალებად ბუშტებს პერიოდულად უშვებენ, რის საპასუხოდაც ისრაელი „ჰამასის“ ობიექტებზე თავდასხმას ახორციელებს. პალესტინელების განცხადებით, ბუშტების გაშვებით ისინი ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე ღაზაზე დაწესებული შეზღუდვების შესამსუბუქებლად.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ისრაელმა ყატარის მიერ ღაზას სექტორის დახმარების განახლების (ნაბიჯი, რომელიც განიხილებოდა, როგორც მყიფე ზავის განმტკიცება) შესახებ განაცხადა, სასაზღვრო კონფლიქტი გაიზარდა.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შედეგად, 250-ზე მეტი პალესტინელი და 13 ისრაელელი დაიღუპა. ისრაელმა ღაზას სექტორს ბლოკადა დაუწესა და მკაცრად შეზღუდა გადაადგილება იმ ტერიტორიიდან, სადაც 2 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს. ასევე, ეგვიპტე ანკლავზე დაწესებულ შეზღუდვებს აგრძელებს.

https://www.straitstimes.com/world/middle-east/israel-bombs-hamas-sites-in-gaza-over-fire-balloons