ნამდვილი გმირი ექიმის ისტორია – ცხრა მთას იქით გადარჩენილი სხვისი ბავშვი

დოკუმენტურ-მხატვრულ ფილმში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, მოთხრობილია უდიდეს პიროვნებაზე – საბჭოთა რუს ექიმ ლიუბოვ სობოლევაზე. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროიდან, რუსი ექიმები უანგაროდ ეხმარებოდნენ მონღოლეთის მოსახლეობას, სადაც მედიცინა, როგორც ასეთი, არ არსებობდა. 1925 წლიდან, საბჭოთა კავშირმა გააძლიერა ეს დახმარება. მონღოლეთის ახალგაზრდა სახალხო რესპუბლიკაში აშენდა პირველი საავადმყოფო.

საბჭოთა ექიმებმა მონღოლეთში შავი ჭირის ეპიდემია მოსპეს. ერთ-ერთი წამყვანი ექიმი გახლდათ სობოლევა, რომელმაც წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა. 1945 წელს მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სიკვდილისგან იხსნა ჭირისგან დახოცილ ოჯახში ცოცხლად დარჩენილი პატარა ბავშვი, რომელიც თავისი ახლად დაღუპული უფროსი ძმის სხეულს იყო ჩახუტებული. შავი ჭირი, როგორც ცნობილია, უკიდურესად აგრესიული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძალზე იოლად გადაედება და მოიცავს ადამიანების დიდ ჯგუფს – შედარება დღევანდელ კორონავირუს “19”-თან არც შეიძლება. ჭირისგან სიკვდილიანობა თითქმის 100 პროცენტს უდრიდა.

ყველა დარწმუნებული იყო, რომ 5 წლის მონღოლი ბიჭუნა ჭირით დაავადდა. მაგრამ სობოლევამ ბავშვი არ მიატოვა. სამედიცინო ლოგიკის საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვით ბავშვი განწირული იყო, მან ბრძანა, უდაბნოში ორი იურტა დაედგათ – ერთი ბავშვისთვის, მეორე თავისთვის. 9 დღიანი მტანჯველი კარანტინი. შეშინებულმა ბავშვმა ექიმს ხელზე უკბინა, როდესაც ის მას ნემსს უკეთებდა და დამცავი ხელთათმანი გაუხვრიტა. სობოლევა მედგრად იბრძვის პატარას სიცოცხლის გადასარჩენად. ყოველი ახალი დღე შანსებს ზრდის.

დადგა ნანატრი მე-9 დღე. ბავშვს უკვე შეუძლია წამოჯდომა. ექიმი ნიღაბს პირველად იხსნის, მისი სახის დანახვა ბავშვში წარმოუდგენელ სიხარულს იწვევს…

“მე სობოლევა ვარ, მე სობოლევა ვარ”… – უმეორებს გაღიმებული ექიმი ბედნიერ პატარას, რომელიც იცინის ამ თავისთვის უცნაური სიტყვების გაგონებაზე.

მეათე დღეს ექიმი და პაციენტი გაოგნებულმა მონღოლებმა წამოიყვანეს. ბიჭს, სახელად უვგუნ ბურგუტს (რაც “ველის არწივს” ნიშნავს) ლიუბოვ სობოლევას გვარი მიანიჭეს. ბიჭმა თავის დროზე ექიმის პროფესია აირჩია.

ნახეთ გმირი ექიმის ისტორია, რომელმაც ცხრა მთას იქით სხვისი ბავშვი გადაარჩინა!