„ის ავღანელები, ვისაც შესაბამისი საბუთები აქვთ, კომერციული რეისებით ქვეყნიდან გაფრენას 31 აგვისტოს შემდეგაც შეძლებენ“. ამის შესახებ ყატარში, გერმანიის ელჩთან მარკუს პოცელთან მოლაპარაკების დროს „თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
როგორც „თალიბანის“ წარმომადგენელმა დოჰაში სუხაილ შაჰინმა აღნიშნა, ქაბულიდან უცხოელი სამხედროების დროული გაყვანა კომერციული რეისების აღდგენის წინაპირობა იქნება.
ქაბულის აეროპორტიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანა 31 აგვისტომდე იგეგმება. გერმანიის მთავრობა თალიბებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ ადამიანების ევაკუაცია ამ ვადის გასვლის შემდეგაც გაგრძელდეს.