ველ კილმერი ხორხის კიბოს გამო ვეღარ ლაპარაკობს – ხელოვნურმა ინტელექტმა მსახიობის ფილმების მიხედვით მისი ხმა აღადგინა?

ამერიკელმა მსახიობმა ველ კილმერმა, რომელიც ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა „საუკეთესო მსროლელი“, “The Doors-ი” და „ბეტმენი სამუდამოდ“, ხორხის კიბოს გამო ხმა დაკარგა.

2014 წელს მან ტრაქეოტომია გაიკეთა, ამავდროულად, ქიმიო და რადიაციული თერაპიის კურსი გაიარა. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც თავად მსახიობი აღნიშნავს, გარშემომყოფებმა მისი ნათქვამის რთულად, მაგრამ მაინც გარკვეულწილად გაგება დაიწყეს. კილმერი თავის ავადმყოფობას რამდენიმე წლის განმავლობაში მალავდა და ამის შესახებ არსებულ ჭორებს უარყოფდა. თავისი დაავადების შესახებ საჯაროდ საუბარი მან მხოლოდ 2017 წელს შეძლო. ოპერაციიდან ექვსი წლის შემდეგ, ველ კილმერის წარმომადგენლები ბრიტანულ კომპანია Sonantic- ს დაუკავშირდნენ, რათა ამ უკანასკნელს მსახიობის ხმა აღედგინა.

მსახიობს ხმა ხელოვნური ინტელექტისა და ძველი ფილმების მეშვეობით დაუბრუნეს. როგორ ხდება ეს?

კომპანია Sonantic-ი 2018 წლიდან არსებობს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სინთეზური ხმების შექმნაზე მუშაობს. ორგანიზაცია თავის აუდიორედაქტორს “ხმის ფოტოშოპს” უწოდებს და ძირითადად, ვიდეოთამაშების სტუდიებთან  თანამშრომლობს. ხმის მოდელის შესაქმნელად Sonantic-ი იყენებს პროფესიონალ მსახიობთა ხმების ჩანაწერებს, რომლებშიც ისინი ტექსტს საგანგებოდ დამუშავებული სცენარების (სკრიპტების) მიხედვით კითხულობენ. ამ ჩანაწერებს ტვირთავენ პროგრამა Voice Engine-ში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხმის მოდელს წარმოქმნის. ამის შემდეგ, Sonantic-ის აპლიკაციის მომხმარებელი ტექსტს შეიყვანს და დამუშავებული ხმა მას სწორი ინტონაციით  წარმოთქვამს. მიღებული შედეგი შეიძლება დარედაქტირდეს როგორც ხელით, ისე – ავტომატურ რეჟიმში.

კილმერის შემთხვევაში Sonantic-მა მსახიობის ძველი ჩანაწერები გამოიყენა. მისი მონაწილეობით ფილმებზე ლიცენზირების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, შესაძლებელი  გახდა მხოლოდ 30-წუთიანი ჩანაწერის შექმნა. თუმცა კომპანიის ინჟინრებს ხმის შესაქმნელად, როგორც წესი, დაახლოებით სამსაათიანი მასალა სჭირდებათ. ზემოთ ხსენებული ჩანაწერი ფონური ხმაურისგან გაიწმინდა, აუდიო და ტექსტი ერთმანეთს პატარა ფრაგმენტებად დაუკავშირდა და ისინი Voice Engine-ის ალგორითმების გამოყენებით დამუშავდა. ამ ყველაფრის შედეგად კი, Sonantic-მა ხმის მოდელის 40 -ზე მეტი სინთეზი შექმნა და აირჩია ვარიანტი, რომელიც კილმერის ხმას ყველაზე მეტად ჰგავდა.

მიღებული შედეგით ველ კილმერი კმაყოფილი დარჩა,- ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. ”მადლობელი ვარ Sonantic-ის მთელი გუნდის. მათ ოსტატურად აღადგინეს ჩემი ხმა ისე, როგორც ვერც კი წარმოვიდგენდი. კომუნიკაცია ჩვენი არსებობის საფუძველია, ხორხის კიბოს ზემოქმედების გამო კი სხვა ადამიანებს ჩემი ნათქვამის გაგება უჭირდათ. ჩემი ისტორიის საკუთარი ხმით გადმოცემის შესაძლებლობა წარმოუდგენელი საჩუქარია”, – განაცხადა მსახიობმა.

როგორც კომპანია Sonantic-ში აცხადებენ, შემუშავებული ხმის მოდელი ველ კილმერს ეკუთვნის და მსახიობს შეუძლია ის ნებისმიერი მიზნით გამოიყენოს.

 

ხელოვნური ხმების შექმნის მოწინააღმდეგენი შიშობენ, რომ ამ მასალას ვიღაც ბოროტად გამოიყენებს. ეს მართალია?

 

The Washington Post-ის თანახმად, ერთი მხრივ, ხმის რეკონსტრუქციის ტექნოლოგია შეიძლება სასარგებლო იყოს მეტყველების სირთულეების მქონე ადამიანებისთვის, თუმცა მეორე მხრივ, ის ეთიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ კითხვებს ბადებს. კილმერის აღდგენილი ხმის პრეზენტაციამდე ერთი თვით ადრე, რეჟისორ მორგან ნევილს არაეთიკური ქმედებისთვის წაუყენეს ბრალი. მან ფილმში „მორბენალი: ფილმი ენტონი ბურდენის შესახებ“ ნეიროქსელის მეშვეობით შექმნილი ხმები გამოიყენა. აღნიშნულ ეკრანიზაციაში ხელოვნური ხმის მეშვეობით გაჟღერდა შეფ-მზარეულისა და ტელეწამყვანის, ენტონი ბურდენის (მან 2018 წელს თავი მოიკლა) ფრაზები, რომლებიც მას რეალურად არასოდეს უთქვამს.

თავის მხრივ, გამხმოვანებელ მსახიობებს აწუხებთ ის, რომ შეიძლება სამსახური დაკარგონ და მათი ხმები გამოყენებული იყოს ისეთ მასალაში, რომელიც მათთვის არასასურველი იქნება, როგორც ეს ეგრეთ წოდებული დიპფეიკების შემთხვევაში მოხდა. Sonantic-ში კი აცხადებენ, რომ მსახიობებს მათი ხმების გამოყენებისთვის უხდიან და შემუშავებულია ამ ბიზნესის წარმოების ეთიკის წესები, რათა აღნიშნული ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენების შემთხვევები თავიდან აიცილონ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ სინთეზური ხმების შექმნას არ კრძალავს, სხვისი ხმის “მოპარვა” დაუსჯელად შეუძლებელია. იურისტების განცხადებით, თუ კომპანია ამა თუ იმ ადამიანის ხმის შექმნას  მისი ნებართვის გარეშე დაიწყებს, ეს შეიძლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევად შეფასდეს.