საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე მიიღოს და დროებითი თავშესაფარი მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის მონაცემებით, ავღანეთიდან ლტოლვილების ცხოვრების ყველა ხარჯს საერთაშორისო ორგანიზაციები დაფარავენ.
„მათი საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ ავღანეთიდან საევაკუაციო ჩარტერული რეისებისთვის უკვე წარადგინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
„თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით. დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.