საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით გაშუქების გამო ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს”, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, „იმედს“, ტელეკომპანია „პირველს“, „ფორმულას“, „რუსთავი 2“-სა და „სტუდია მაესტროს“ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია იუწყება.
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულმა მაუწყებლებმა 23 აგვისტოს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონდარღვევით გააშუქეს. კერძოდ, მაუწყებლების მიერ დაირღვა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციითვე, კანონმდებლობის აღნიშნული ვალდებულება შვიდივე მედიასაშუალების მიერ დაირღვა, რის საფუძველზეც შედგა სამართალდარღვევის ოქმები და განსახილველად სასამართლოს წარედგინა.
“ალია”