აშშ ავღანეთში ახალ ტერაქტებს ელოდება

ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, აშშ ახალ შეტევებს ელოდება. ამის მიუხედავად, ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაცია გრძელდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. დაჯგუფებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ISIS-ის ობიექტებზე დარტყმები განხორციელდება და რომ მან შესაბამისი დავალება თავდაცვის სამინისტროს მისცა.

ბაიდენის ინფორმაციით, აშშ-მა ავღანეთიდან 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა და კიდე 5 ათასი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.

მანამდე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ავღანეთიდან ევაკუაცია ბელგიამ, დანიამ, ნორვეგიამ და საფრანგეთმა შეაჩერეს.