მსოფლიოს ყოფილი №1 ჩოგბურთელი, რუსეთის წარმომადგენელი მარატ საფინი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ჩრდილოვანი მსოფლიო მთავრობის შეთქმულებას წარმოადგენს, ადამიანების “ჩიპიზაციის” მიზნით.
“მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს ჩიპიზაციისთვის ამზადებენ. ბილ გეიტსმა ჯერ კიდევ 2015 წელს თქვა, რომ იქნება პანდემია, რომ შემდეგი მტერი ვირუსია და არა ბირთვული ომი. მათ დავოსის ფორუმზე ჩაატარეს ყველაფერი ამის სიმულაცია. მე არ მგონია, რომ ბილ გეიტსი დიდი წინასწარმეტყველია – მან უბრალოდ იცოდა ამის შესაცებ” – განაცხადა 40 წლის მარატ საფინმა გამოცემა Sports.ru-სთან საუბარში.
ჩემი აზრით, ვირუსთან დაკავშირებით ყველაფერი ისე არ არის, როგორც ხალხს უყვებიან. ხალხი დააჯერეს ტელევიზიაში გაშვებული შესაშინებელი სიუჟეტებით. ვიღაცას სჯერა, რომ მალე დასრულდება ცივილიზაცია, მაგრამ მე არ მჯერა. უბრალოდ, მალე ყველანი ჩიპებით ვივლით. მთელი მსოფლიო ხომ ჩაკეტეს სახლში, ესე იგი, ყველაფერი მუშაობს” – აღნიშნა საფინმა.
ჩოგბურთელი დარწმუნებულია, რომ “არსებობენ მსოფლიო ლიდერებზე უფრო მაგარი ბიჭები, რომლებიც რეალურად არიან ფულის, მსოფლიოს მფლობელები და მათ ასეთი რამის განხორციელება იოლად შეუძლიათ. მათ შეიძლება, ჩრდილოვანი მთავრობა ვუწოდოთ. ჩვენ ვერც ვხვდებით მათი არსებობის შესახებ. როტშილდები და როკფელერები ცნობილი გვარები არიან, მაგრამ მათ უკან კიდევ ვიღაც დგას”.
მარატ საფინი “დიდი შლემის” ორი ტურნირის გამარჯვებულია US Open-2000-ისა და , Australian Open-2005-ის. ATP -ის რეიტინგს სათავეში 2000 წელს ედგა. მოგვიანებით იგი პირველი იყო რუსი ჩოგბურთელებიდან, ვინც საერთაშორისო საჩოგბურთო დიდების დარბაზში ჩართეს.