საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებლის კლება სექტემბრის პირველი კვირიდან დაიწყება და ოქტომბერში 10-ს ჩამოსცდება.
ეს მონაცემი ეყრდნობა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირებას, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო პროექციებს იკვლევს.
აღნიშნული მოდელირების მიხედვით, დღიური გარდაცვალების შემდგომი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი — 76 ადამიანამდე — 1 სექტემბერს არის მოსალოდნელი, შემდეგ კი ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს.
IHME-ს მოდელირებითვე, სექტემბრის ბოლოს მოსალოდნელია, რომ დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა 20-ს ჩამოსცდება, ოქტომბრის პირველი კვირიდან კი — 10-ს და ასე გაგრძელდება 21 დეკემბრამდე. აღნიშნული მოდელირება სწორედ ამ დრომდეა დამუშავებული.
ამავე მოდელირებით, წლის ბოლოსთვის საქართველოში კოვიდით 9 ათასამდე ადამიანი იქნება გარდაცვლილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 29 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 7 251 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 76 — გასულ 24 საათში.
“ნეტგაზეთი”