ისევ ნათია თურნავას შესახებ – “ნიუსფრონტის” კომენტარი

ბოლო დღეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ქ-ნი ნათია თურნავა ყურადღების ცენტრში მოექცა. მის წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობას ჰქონდა ადგილი, თანაც ისე, რომ დღეს პრემიერმინისტრ გახარიას მოუხდა თურნავასთვის ზურგის გამაგრება – მან ჭორები უწოდა ეკონომიკის მინისტრის შესახებ გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციებს და დაბეჯითებით აღნიშნა, რომ თურნავა ერთ-ერთი ძლიერი ფიგურაა მინისტრთა კაბინეტში.

თურნავას საწინააღმდეგოდ ლიბერალური მასმედია ალაპარაკდა. ჯერ მშენებარე სახლი აღმოუჩინეს ვაკეში, შემდეგ თურმე თურნავას ბრალი ყოფილა ქართული ავიაციის პრობლემები, დაბოლოს, “ტვ პირველმა” მინისტრის გადადგომაც “იწინასწარმეტყველა”.

ყველა ეს ინფორმაცია გრძელდებოდა ნათია თურნავას მხრიდან ენერგიული მცდელობების ფონზე, მოხდეს ლიბერალების მიერ ივნის-ივლისში მოწყობილი ანტირუსული პროვოკაციების შედეგად ეკონომიკაზე მიყენებული ზარალის მინიმიზაცია. თურნავამ თავისი სახელი დაარქვა მოვლენებს. ასე, მაგალითად, ერთი კვირის უკან, ტელეეთერში მან პირდაპირ განაცხადა: “20-21 ივნისს რაც მოხდა, ეს იყო პროვოკაცია და ამან ძალიან დაგვარტყა. თუმცა… ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, არ ავყევით აგრესიულ რიტორიკას, არ შევყევით ამ პროვოკაციაში. რუსი ტურისტიც გვინდა დავიბრუნოთ, ახლა ზამთრის სეზონი მოდის, გუდაურის და ბაკურიანის მცირე სასტუმროები ელოდებიან. ელოდებიან უცხოელ ტურისტებსაც და რუსებსაც. და ამ სიტუაციამ დაგვარტყა. რუსულენოვან გარემოში არის უკრაინაც, ყაზახეთის, ბელორუსიაც და სხვა ქვეყნებიც”.

ჩვენი აზრით, სწორედ თურნავას ასეთი არააგრესიული, ადეკვატური პოზიცია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების საკითხის მიმართ გახდა კიდეც მისდამი ლიბერალური მასმედიის გააქტიურების ნამდვილი მიზეზი.  ისინი ელემენტარული ჭეშმარიტების წინააღმდეგ ღიად ვერ მიდიან (მაგალითად იმის, რომ ტურიზმი ქვეყანას სჭირდება და რუსი ტურისტების გარეშე ვერ ვითარდება), ამიტომ გადაწყვიტეს, იერიში მიეტანათ მინისტრის რეპუტაციაზე. —