რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი აშშ-ის მიერ ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო მისიის დასრულებას ეხმაურება.
„ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა ქაბულის აეროპორტი 21:00 საათზე დატოვა და ჩვენმა ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა“, – აღნიშნა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ ავღანეთიდან აშშ -ის ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.
„ავღანეთიდან ჩვენი ჯარების გაყვანის დასრულებასა და ამერიკის მოქალაქეების, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დაუცველი ავღანელების ევაკუაციის მისიის დასრულებას ვაცხადებ“, – განაცხადა გენერალმა ფრენკ მაკენზიმ.
ფრენკ მაკენზიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ევაკუაცია დასრულდა, დიპლომატიური მისია აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელების გაყვანის უზრუნველსაყოფად გრძელდება.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.