1 თვეში საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატს შემოიტანენ

მომდევნო 1 თვეში საქართველოში შესაძლოა, კოვიდის სამკურნალო ახალი, მონოკლონურ ანტისხეულებზეა დაფუძნებული პრეპერატი შემოვიდეს, რომელიც, კვლევების მიხედვით, მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მედიკამენტის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ ჯანდაცვის უწყება მუშაობს ქვეყანაში მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული პრეპარატის შემოტანაზე.

“ბოლო პერიოდში აქტიურდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება. FDA-მ, ასევე ევროპის მარეგულირებელმა მიანიჭა ავტორიზაცია რამდენიმე მწარმოებლის მონოკლონურ ანტისხეულებს. ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რომ რამდენიმე მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა მოხდეს საქართველოში,” – განუცხადა თამარ გაბუნიამ “რუსთავი2”-ს.

მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტები მსუბუქ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებშიც კი გამოიყენება, თუმცა პრეპერატი საკმაოდ ძვირადღირებულია:

“ვფიქრობთ, მომდევნო 3-4 კვირაში ამ მიმართულებით გვექნება გარკვეული პროგრესი. ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა ვმუშაობთ, რომ შეღავათიან ფასად შემოვიდეს საქართველოშიც,” – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: ევროკავშირმა, გაერთიანებული სამეფომ, აშშ-მ, კანადამ, იაპონიამ, ინდოეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მედიკამენტი Ronapreve კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად ოფიციალურად დაამტკიცა.სამეცნიერო კვლევებმა და კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ხელს უშლის ვირუსის მწვავე ფორმებში გადასვლას და ამცირებს COVID-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

 

“აცენტნიუსი”