დავით აღმაშენებელზე ფილმი შეიქმნება – შეიძლება, ეს ვინმეს არ ახარებდეს?! თურმე, შეიძლება…- იოსებ ჭუმბურიძე

მწერალი, იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა:
დავით აღმაშენებელზე მხატვრული ფილმი უნდა შეიქმნას!
***
შეიძლება, ეს ვინმეს არ ახარებდეს?!
თურმე, ესეც შეიძლება!
მაგრამ მთავარია, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ახარებს.
***
ამ კონკურსთან დაკავშირებით, ქალბატონმა თეა წულუკიანმა აღნიშნა:
არ ვისურვებდი, რომ ფილმი მხოლოდ მეომარ მეფეზე იყოს, თუნდაც დიდგორის ბრძოლის მომგებზე.
ამან მურმან ლებანიძის სტრიქონები გამახსენა:
„არც ბრძენ-კაცად, არც ცხენ-კაცად დაშტამპული.”
ასეთი უნდა იყოს დავით აღმაშენებელი – ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გმირი –
„ძლევაი საკვირველის” ავტორი!
„გალობანი სინანულისანის” შემოქმედი.
***
ვერგახარებულებმა კი, –
რა დროს ეს არისო?!
გაჭირვებულ ქვეყანაშიო;
პანდემიის პირობებშიო…
აქ კი ჩერჩილი გამახსენდა, – თუ კულტურა არ გვექნება, ბიუჯეტი რაღად გვინდაო?!
თუ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღებას ვერ შევძლებთ, ან ბიუჯეტი რად გვინდა, ან კულტურის სამინისტრო?!
***
რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.
შევძლებთ?!
აქ უკვე ვერგახარებულთ სკეპტიკოსები ჩაენაცვლნენ:
გვყავს რეჟისორი?!
მსახიობები?!
***
კი ბატონო, ბევრი დიდი რეჟისორი და არტისტი წავიდა, მაგრამ არც ისეა საქმე, ზოგიერთებს რომ „სურთ და ჰგონიათ”.
ქვეყანაში, რომელსაც ზურა ყიფშიძე, გოგა პიპინაშვილი, ნიკა თავაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, რუსუდან ბოლქვაძე, ლელა ალიბეგაშვილი, ნინო კასრაძე, ნატო მურვანიძე (ყველას არ/ვერ ჩამოვთვლი) ჰყავს, ასეთი ეჭვიანი კითხვა არც უნდა დაისვას.
***
მაგრამ რეჟისორი?
სხვისი არ ვიცი და, მე ოთარ იოსელიანს ვინატრებდი.
ვიცი, ბევრი გაიკვირვებს – ეს ხომ მისი სტილი არ არისო, მისი ინტერესების სფეროს არ განეკუთვნებაო.
ამიტომაც ვინატრებდი.
დიახ, ვინატრებდი, რომ სწორედ ასეთი რეჟისორი დაინტერესებულიყო დავით აღმაშენებლის ფენომენით.
აი, მაშინ იქნებოდა დავით აღმაშენებელი „არც ბრძენკაცად, არც ცხენკაცად დაშტამპული.”
***
თუ ჩემი ეს ნატვრა და ოცნება აუხდენელია, მაშინ სხვები გამოჩნდებიან.
გვყავს ნიჭიერი რეჟისორები.
იკითხონ.
იფიქრონ.
აენთონ და შეძლებენ.
***
ეს კი ურყევად მჯერა:
აუცილებლად შეიქმნება ღირსეული ფილმი ჩვენს უპირველეს მეფეზე.