რატომ არის საქართველოში საარსებო მინიმუმი დამამცირებელი? შესაძლებელია თუ არა რომ საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა ერთი თვის მანძილზე 176 ლარითა და 90 თეთრით იარსებოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ ქართული ბიურო სტატიას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმნიუსჯორჯია“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქსტატმა ახლახანს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 1,5 ლარით გაზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცს საქართველოში თვიურ საარსებო მინიმუმად 177 ლარი დაუწესა (ანუ დღეში 5 ლარი და 70 თეთრი), საშუალო ოჯახს კი 297 ლარი (დღეში 9 ლარი და 50 თეთრი). ერთსულიანი ოჯახის არსებობისთვის – 157 ლარი განისაზღვრა, ორსულიანისთვის – 251, სამსულიანისთვის – 282, ოთხსულიანისთვის – 314, ხუთსულიანისთვის – 353, ექვსი და მეტ სულიანი ოჯახისთვის კი 417 ლარი – ერთ თვეში სამყოფად.
საარსებო მინიმუმს სტატისტიკის სააგენტო დღემდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უკვე ყოფილი მინისტრის ამირან გამყრელიძის 15 წლის უკან, 2003 წელს გამოცემული N111/ნ ბრძანების საფუძველზე ანგარიშობს. ეკონომისტები ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ, რომ დათვლის ეს მეთოდიკა მცდარია და რეალურ სურათს არ ასახავს.
ხელისუფლებაში მოსვლამდე ამ მეთოდიკას და საარსებო მინიმუმის ოდენობას აკრიტიკებდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „ქართული ოცნება“. 2012 წლის ზაფხულში, ბიძინა ივანიშვილმა გორში გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საარსებო მინიმუმის ახალ ზღვარს დაადგენდა და ის „დამამცირებელი აღარ იქნებოდა“.
ეკონომიკის დოქტორი, სტატისტიკოსი იოსებ არჩვაძე ამბობს, რომ მმართველ კლასს არ სურს რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა, იმიტომ, რომ ეს ქვეყანაში სიღარიბის რეალურ მაჩვენებელს გამოაშკარავებს:
– “საარსებო მინიმუმის ის მაჩვენებელი როლიც დღეს ქვეყნდება საქსტატის მიერ, დაახლოებით 70-80%-ით მაინც უნდა გაიზარდოს, რომ ასე თუ ისე მიუახლოვდეს რეალურ მდგომარეობას. ეს კი ნიშნავს, რომ ღარიბთა რეალური რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 40%-მდე გაიზრდება. სწორედ იმ ვალდებულებების აღება არ სურს მმართველ ძალას, რომელიც ამ ვითარების აღიარებით გაუჩნდება.
წინასაარჩევნო ციკლის დროს, ყველა პარტია იძლევა დაპირებას რომ აუცილებლად მოახდენს საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის გადასინჯვას, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ უმნიშვნელოვანესი თემის გახსენება აღარავის სურს.
ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი „ტრამვაის ეფექტი“, როცა გაჩერებაზე მყოფი ადამიანებიდან, ყველა, ნებისმიერი ხერხით ცდილობს უკვე დაძრულ, მგზავრებით გაჭედილ ტრამვაიში მოხვედრას. თუმცა, როგორც კი ადამიანი ამ ტრამვაიში ხვდება, მისი ობიექტური მდგომარეობა და სუბიექტური განწყობები ელვისებურად იცვლება. მას უკვე სურს, რომ გაჭედილი ტრამვაი სწრაფად დაიძრას რომ „სხვა ვეღარ ამოვიდეს“ და „დრო არ დაიკარგოს“.
დაახლოებით ასე მოქმედებს ჩვენი პოლიტიკური კლასიც, როცა ის ოპოზიციაშია და როცა ხელისუფლებაში მოდის. ეს არის ერთი და იგივე სუბიექტის ინტერესების კარდინალური განსხვავება გამომდინარე იქიდან, თუ სად იმყოფება, გაჩერებაზე დგას თუ ტრამვაიში ზის.“
საქართველოს კანონში „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის“ შესახებ ვკითხულობთ, რომ „საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება: – მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებათა ასახვისათვის, ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილისა და ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის; სოციალური პოლიტიკისა და პროგრამების ისეთი მოდელის შესამუშავებლად, რომელიც მოქალაქეთა მოხმარების ნორმების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან ეტაპობრივ მიახლოებას უზრუნველყოფს“.
რა ხდება სინამდვილეში? ეკომინისტების განმარტებით, მთავარი პრობლემაა, რომ საარსებო მინიმუმი რეალურად საქართველოში არცერთ სოციალურ პაკეტთან (მინიმალური ხელფასი, პენსია, შემწეობა) და არც სიღარიბის მაჩვენებელთან მიბმული არ არის. შესაბამისად, გაიზრდება თუ შემცირდება ეს მინიმუმი, ამით მოსახლეობის ცხოვრებაში არაფერი იცვლება.
მეორე დიდი პრობლემა ის არის, რომ არსებული მეთოდოლოგიით დათვლილი, საქართველოს მოქალაქის საარსებო მინიმუმის 70% სასურსათო კალათაზე ანუ კვებაზე მოდის, სადაც დამატებითი პრობლემა ცხოველური და მცენარეული წარმომავლობის პროდუქტს შორის დარღვეული (30-70-ზე) პროპორციაა.
ამ დროს, არასასურსათო კალათის დარჩენილი 30% – მოიცავს ჯანდაცვაზე, განათლებაზე, გართობაზე, ჩაცმაზე, კომუნალურ გადასახადებზე, მგზავრობაზე, ავტომანქანისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაზე გაწეულ ყოველთვიურ ხარჯს.
ეს კი სპეციალისტების აზრით, თავისთავად გამორიცხავს, ჩვენი მოსახლეობის მოხმარების ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან ეტაპობრივ მიახლოებას. ამ მხრივ მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან განსხვავების საჩვენებლად იოსებ არჩვაძეს აშშ-ს მაგალითი მოჰყავს:
„აშშ-ში ბუნებრივია საკმაოდ მაღალი სტანდარტია, მაგალითად, ოთხსულიანი ოჯახის წლიური საარსებო მინიმუმი ანუ ყველაზე ქვედა ზღვარი არის 24250 დოლარი, რაც თვიურად 2000 დოლარზე მეტია. მართალია საქართველოში არსებული ფასების დონე ამერიკის ფასებზე, დაახლოებით 2 ჯერ დაბალია, მაგრამ თუ შედარებას აბსოლუტური მოცულობის მიხედვით მოვახდენთ აღმოჩნდება, რომ აშშ-ს დონესთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 11-13%-ის დონეზეა, რაც უბრალოდ ნონსენსია.
ცალკე საკითხია, რომ საარსებო მინიმუმი ჩვენთან ხელოვნურად არის დაშორებული სიღარიბის მაჩვენებელთან ანუ თუ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის თვიური საარსებო მინიმუმი დღეს არის 177 ლარი, ვისაც თვიური შემოსავალი 179 ან 180 ლარი აქვს, სულაც არ ნიშნავს რომ ისინი ღარიბები არ არიან.“
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმი აქვს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროკავშირსა და განვითარებად ქვეყნებში. შედარებისთვის, მეზობელ აზერბაიჯანში საარსებო მინიმუმი 181 მანათი ანუ 257 ლარია, სომხეთში – 51200 დრამი ანუ 256 ლარი, ყაზახეთში 28850 ტენგე ანუ 213 ლარი, რუსეთში – 10524 რუბლი ანუ 411 ლარი და თურქეთში 1628 ლირა – 957 ლარი“.
საქართველოში საარსებო მინიმუმის ცვლილება (2004-2018) ერთ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის:
2004 – 83 ლარიდან გაიზარდა 97 ლარამდე
2005 – 96-დან 99-მდე
2006 – 100-დან 121-მდე
2007 – 121-დან შემცირდა 116 ლარამდე
2008 – 123-დან 131-მდე
2009 – 134-დან შემცირდა 126-მდე
2010 – 128-დან 150-მდე
2011 – 153-დან 156-მდე
2012 – 158-დან შემცირდა 150-მდე
2013 – 150-დან 155-მდე
2014 – 155-დან 160-მდე
2015 – 161-დან 163-მდე
2016 – 164-დან შემცირდა 162-მდე
2017 – 166-დან 174-მდე
2018 – 175-დან 177-მდე
წყარო: ptn.ge