ძალიან ვწუხვარ, როცა გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ იმ კლინიკის ექიმები პაციენტებს “შავ ბაზარზე” ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკები პრეპარატ “ტოცილიზუმაბის” მარაგების შესახებ ინფორმირებულები არიან.
მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს სთხოვს ექიმებს სათანადოდ ინფორმაცია მიაწოდონ.
“თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ “ტოცილიზუმაბის” გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს და ასევე, ისიც, რომ პრეპარატის შემსყიდველი ხართ თქვენ, კლინიკების ხელმძღვანელები. ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს “შავ ბაზარზე” ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები. მათ უნდა გამოიძიონ რატომ ხდება პაციენტების პატრონების იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა მათი ემოციური მდგომარეობა ყველაზე მაღალია, გაგზავნა შავ მიმწოდებელთან თუ გამსაღებელთან. მათ 4-ჯერ ძვირად უწევთ ამ პრეპარატის შეძენა, მაშინ როცა ძალიან კარგად ვიცით, თუ რომელ კლინიკებშია მარაგი მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში ყველას აქვს საშუალება მიმართოს კოლეგა ექიმს, კოლეგა კლინიკას იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრეპარატის დაუყოვნებლივ მიწოდება ამ კლინიკისთვის და ამ მედიაციაში სამინისტროს მხრიდან ძალიან ხშირად ვართ ჩართულები.
მე ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ნუღარ დაფიქსირდება მსგავსი ფაქტი. სამინისტრო ყოველთვის დგას თქვენ გვერდით და თუ ვერ ხდება ერთმანეთთან კომუნიცირება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ეს პრობლემა პაციენტის სასარგებლოდ გადაიჭრას. შევეცადოთ, ექიმების დონეზე ჩავიტანოთ ეს ინფორმაცია. არ არის საჭირო პაციენტის პატრონებზე ემოციური ზემოქმედება, ეს არის ჩვენი ტვირთი, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სწორედ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები”, – განაცხადა ტიკარაძემ.
“რეზონანსი”