თავს ვიკავებ ფბ აქტივობისგან, რომ ზედმეტად არ დავღალო, ისედაც ემოციურად გადაძაბულ-გადაღლილი ადამიანები. მაგრამ, გროვდება და…
ერთი თვის წინ ძალიან მორიდებული პოსტი დავდე, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. მინიშნებები იყო, ანუ ქვეტექსტს გამგები გაიგებდა.
მორიდებული იმიტომ, რომ არ მინდოდა სალაპარაკო მიმეცა მათთვის, ვინც ყველა უბედურებაში პოლიტიკურ საკვებს პოულობს, ჩემთვის ხომ სააკაშვილის რეჟიმი და მისი კუდები პირდაპირი მნიშვნელობით, უსამართლობის და უბედურების სინონიმია!
დღეს ისევ დაგროვდა ბევრი სათქმელი და ვფიქრობ, გაჩუმება უარესია: სიკვდილობამ ძალიან იმატა. ინფექციონისტები, იმუნოლოგები, აცრილ-აუცრელები ხოცავენ ერთმანეთს, ყველა სოლომონ ბრძენობას იბრალებს და საკუთარი აზრი უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებად წარმოუდგენია.
პოლემიკის კულტურა ბანალურმა დავამ და დაპირისპირებამ ჩაანაცვლა! (იყოს, თუნდაც, ტერმინი-“კონფრონტაცია”).
საზოგადოება უყურებს ამ “სამეცნიერი ტენისს” და იცვლება რაიმე? არა! ამ დაძაბულობას ფონად წინასაარჩევნო საუნდტრეკი მიყვება.
-რას ვერჩი ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს? -არაფერს, პირიქით, ასიათასი მადლობა მათ, იმის გაძლებისათვის, რასაც უძლებენ!
-აცრილ-აუცრელის დაავადებების სიმძიმეზე ზოგადი საუბარი ცალკე თემაა, ოღონდ მე ამაში არ შევალ.
-ქრონიკული ავადმყოფობების ასეთი სიმრავლე საქართველოში არის თუ არა დამაფიქრებელი და საგანგაშო? კი!!! პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრაქტიკული განადგურება არის თუ არა ამის ერთ-ერთი უდიდესი მიზეზი? არის!!!
როგორც ძლიერი “კუკარაჩას” ინსტიტუტია აუცილებელი რგოლი დანაშაულის პრევენციისთვის, ასევე აუცილებელია ძლიერი “მიშა ექიმის” ინსტიტუტი მოსახლეობის დაავადებების დროულად დიაგნოსტირების, თავიდან აცილების და გაქრონიულებასთან ბრძოლის გზაზე. გვიანი დიაგნოსტირება და თან პირდაპირ სტაციონარში-აი, ჩვენი ჯანდაცვის უბედურება! “მიშა ექიმმა”, კი, მიშა ჯანაშვილმა, რომელიც ოჯახის ექიმის სიმბოლოა ჩემთვის,
ოჯახის ყველა წევრის, უბნის ყველა მცხოვრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ზეპირად იცოდა და რაც მთავარია, მცოდნე ექიმი იყო, “მიშა ექიმი”!!!
ჩვენზე ცოტა დიდ, პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ბელორუსიას არ დაუნგრევია ის კარგი, რაც გვქონდა ჯანდაცვის სისტემაში; გამაოცა პოლიკლინიკური სისტემის სიძლიერემ, ქვეყანაში, სადაც ძალიან წინ წავიდა მედიცინა ზოგადად და ტოლს არ უდებს ევროპულ მედიცინას, ოღონდ, ბევრად ხელმისაწვდომია! სანატორულ-კურორტული მკურნალობაც ხელმოსაწვდომია!!!
ჩვენ სტაციონარები გავამრავლეთ, ქსელებად ვაქციეთ, ფეშენ-დიაგნოსტიკური ცენტრები ყოველ ნაბიჯზე, ფეშენ-ლაბორატორიები. მშრალი ნაშთი? მშრალი ნაშთი არის არამედიკოს მეპატრონეების გამდიდრება, რიგითი ექიმების დაბალი ხელფასები და მრავალ ადგილას მუშაობა, პოლიკლინიკური სექტორის ჯერ გაყიდვა, მერე ნგრევა, “მიშა ექიმების” გაქრობა ოჯახებიდან და უბნებიდან, და შედეგად-ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მატება! არ უნდა დაგვავიწყდეს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ყველაზე ქმედითი სისტემა-პათანატომიური კვეთა, რომელიც საქართველოში აღარ არსებობს და გაკვეთის მონაცემებზე აღარ სწავლობს ექიმი, რომელიც აღარც ექიმთა დახელოვნების სისტემაში სწავლობს და 2-3 დღიანი კონფერენციების, კრედიტების გროვების იმედად იმაღლებს ცოდნას, მერე კი გაიდლაინებს მიჰყვება ბეჯითად და საბოლოოდ ირღვევა მედიცინის ფუძემდებლური პრინციპი, როცა მკურნალობ არა ავადმყოფობას, არამედ ავადმყოფს!
-დავარქვათ ამას სისტემური კატასტროფა ჯანდაცვის სისტემაში, რომლის ნგრევის 30 წლიან შედეგებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ახლა ვიმკით? ალბათ უნდა დავარქვათ!!!
პოლიტიკური სვავები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებენ ქვეყნის მმართველებს, სხვები- ცუდ მართვას, ზოგნი-მეთოდების მოძველებას. ჯანდაცვის სისტემაში ჩახედული ბევრი სპეციალისტი კი მართლა სასოწარკვეთილია, ამის შემყურე, ჩემსავით!!!
-ეეეხ, ბიძიებო, დეიდებო, თქვენ არ იყავით, ყოველგვარი “დამცავი რგოლების” გარეშე, ჯანდაცვის სისტემას საძირკველი-პოლიკლინიკური სისტემა რომ გამოაცალეთ, ყველა მოსახვევში გახსნილ სამედიცინო ინსტიტუტს ლიცენზია მიეცით, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუცია მოკალით, პათანატომიური კვეთა მოკალით, მედიცინა მაგარ ბიზნესად გადააქციეთ! თქვენ იყავით, პავლოვის ქუჩის ჯანდაცვის სამინისტროში და ისევ ხართ, ბიძიებო, ახლაც, “მაგარ” სამედიცინო ბიზნესებში!!!
მიშას რეჟიმმა ხომ საერთოდ, უძვირეს, ბევრისთვის მიუწვდომელ ფუფუნებად აქცია სტაციონარული მკურნალობაც კი!!! საავდმყოფოს ვალები, სახლის გაყიდვა (თუ სახლი მაინც ჰქონდა ადამიანს, გასაყიდი), ან საავადმყოფოდან უფულობის გამო გამობრუნებული ადამიანები!!! ეს ხომ იყო!!! თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში წასვლა-ეს ხომ დამკვიდრებული პრაქტიკაა!!! რატომ????!!! ვუძახოთ “დიქტატორი” ლუკაშენკოს, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ ბელორუსიის მოსახლეობას ბევრად ეფექტური და ხარისხიანი პირველადი (და არამარტო) ჯანდაცვის სისტემა აქვს, ვიდრე ჩვენ!
უდავოა, რომ “ოცნებამ” უზარმაზარი ფინანსური ტვირთი მოხსნა ქართულ ოჯახებს და ბევრი, სახლის გაყიდვის ფასის მქონე, დაავადების მკურნალობა ლამის “სახლებში” მოიტანა, უფასოდ (მაგალითად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლითაც მეც მივიღე უდიდესი სიკეთე და მადლიერი ვარ). მაგრამ მოსახლეობის უფასო მკურნალობაზე უზარმაზარი ფინანსური ნაკადების მიმართვის პარალელურად, სუსტია ან არ არის ქმედითი ამ ფინანსების კონტროლის მექანიზმები, რაც, ვფიქრობ, კონკრეტული, მაღალტექნოლოგიური სპეციალიზაციების დაფინანსების ლიმიტირება-შემცირების გზით კი არ უნდა მოხდეს (მაგ. კარდიოქირურგია), და სხვების, ბიზნესის თვალსაზრისით “უინტერესო” სპეციალიზაციების დღემდე “ბარაკებში” “ჩატოვებით” (მაგ. ინფექციური საავადმყოფო), არამედ ე.წ. დაავადებათა “კოდების” კრეატული, ქმედითი კონტროლის გზით!!!
კოსმეტიკურ რეფორმებს იქნებ ჯობდეს, ამ სისტემის გააზრებული, საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შედგენილი, ქვეყნის და ხალხის სასიკეთო, ძირეული, ქმედითი რეფორმირება, თორემ, ხომ ვხედავთ, თუ დამნახველები ვართ და ხომ გვესმის, თუ გაგონების უნარი შეგვრჩენია, რომ უამრავი ექიმის შრომა დაუფასებელი და ხშირად კაბალურია, ხდება ძლერი კადრების ქვეყნიდან გადინება, კლინიკების და ფარმაცევტული სფეროს მეპატრონეების გამდიდრება-გადამდიდრება და ხშირ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების ხარისხისა და ფასის ერთმანეთისგან მკვეთრი აცდენა (წლების მიხედვით ჩამოწყობილ, ჩემს სამუშაო ბაინდერებში, სამწუხაროდ ასეთი შემთხვევების რაოდენობა ართუ იკლებს, არამედ . . . ).
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, და ჩვენი ზოგიერთი დასავლელი “ტოქსიური მეგობრის” გასაგონად (თუ მართლა უნდათ გაგონება!), რომ ასეთ საქმეებში ქართული სასამართლო ძალიან აქტიურია და გაბედულ, სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ადრე პრაქტიკულად არ ხდებოდა!
სიმართლე თუ უნდათ, ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო დიდი ხანია, საქართველოს არ ჰქონია!!!
მიზეზ-მიზეზ ყველაფრის გამოქექვა შეიძლება, გამონაკლისები და ადამიანური ფაქტორი არც მათ ქვეყნებში უნდა ეცოტავებოდეთ; საკმაოდ კარგად ვიცი, კონკრეტული “ქეისებით”, ვითომ-და “აღმატებული სამართლის” ქვეყნებში ქართველი ემიგრანტების მიმართ განხორციელებული თვალსაჩინო “უსამართლობების” შესახებ, მათი ქვეყნების ციხეებში ქართველების მიმართ განხორციელებული ძალადობების შესახებ, იმ ქვეყნებში მოკლულ თუ დაღუპულ ქართველთა საქმეების უშედეგო გამოძიებების შესახებ!
P.S. ბოლოს, ამ რთულ დროებაში, წინასაარჩევნოდ, ერთი კეთილი რჩევა, ან თხოვნა ხელისუფლებას; ცოტა ნაკლები “შავი” რიტორიკა, ძვირფასებო! თქვენი ამომრჩეველი იგივე რჩება-ღირსებას, კულტურას, ზრდილობიან კომუნიკაციას აფასებს, აფასებს კონკურენტის(ების) მიმართ საქმიან დაპირისპირებას და არა პიროვნულ შეურაცხყოფას. ჩვენი ხათრით მაინც, ცოტა ნაკლები “შავი”, ტერმინოლოგიაში, ნაკლები პასაჟები შეთქმულების თეორიებიდან, აკი ნათქვამია, “საქმემან შენმან გამოგაჩინოსო”, ხოდა, გაკეთებული მართლა ბევრია და ნუ დავაკნინებთ ამ გაკეთებულს!