აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ 11 სექტემბრის ტერაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული რიგი მასალების გასაჯაროებას ითვალისწინებს.
„როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვიყარე, ვალდებულება ავიღე, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით დოკუმენტების გასაჯაროების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იქნებოდა. მაშინ, როდესაც ამ ტრაგიკული დღის 20 წლისთავს ვუახლოვდებით, ამ ვალდებულებას ვასრულებ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული უკვე ღია მასალების ექვს თვეში გამოქვეყნება დაავალა.
2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. 2 თვითმფრინავი ტერორისტებმა ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს, მესამე – პენტაგონის კომპლექსს შეაჯახეს, მე-4 კი მგზავრების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად პენსილვანიის შტატში სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა.
ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული. ტერაქტებს 2 753 ადამიანი ემსხვერპლა.