,,დედამ არ იცოდა, რომ რუსა ავად იყო” – როგორ გარდაიცვალა ქართველი პოეტი საფრანგეთში

ქართველი პოეტი რუსა მერაბიშვილი 2 მაისს, აღდგომა დღეს, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 47 წლის იყო. ბოლო 3 წელი საფრანგეთში ცხოვრობდა. 3 წლის წინ სამშობლოდან უკურნებელი სენისგან თავის დაღწევის მიზნით წავიდა, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ მაინც თავისი ქნა.

რუსას ფართო საზოგადოება – არა, მაგრამ პოეზიის მოყვარულები და პოეტები კარგად იცნობდნენ. წერდა პესიმისტურ, სულიდან ამოხეთქილ ლექსებს…

რუსას და, იამზე მერაბიშვილი ჯურნალს სარკეს უყვება, რომ მათმა დედამ არ იცოდა, თუ რა სენს ებრძოდა მისი შვილი:

,,საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა და ბოლო 3 წელი იქ იყო. საქართველოში ქიმიოთერაპია შედეგს არ იძლეოდა და წავედით. იქაც ყველანაირი ქიმია სცადეს. ყველა იძლეოდა თავიდან გარკვეულ შედეგს, მაგრამ ბოლოს აქამდე მივედით. ეს იყო პოლიმორფული შემადგენლობის სიმსივნე მკერდის და ლიმფური კვანძების ინვაზიური მეტასტაზები…

საქართველოში ქიმია რომ დაიწყო, ზოგი მეტასტაზი პატარავდებოდა, ზოგი იზრდებოდა, ზოგი ახალი ჩნდებოდა და იძულებულები გავხდით, საფრანგეთში წასულიყო.

რუსას ორი ბიჭი ჰყავს – 25 წლის და 24-ის და 3 შვილიშვილი. საფრანგეთში მასთან ძირითადად მეუღლე იყო. მე პერიოდულად ჩავდიოდი. ასაკოვანი დედა გვყავს და სულ ვერ ვტოვებდი მარტო. მისი მეუღლის კისერზე გადაიარა ამ ყველაფერმა.

საქართველოში ჩამოსვლას ფიქრობდა ბოლოს, მაგრამ კოვიდი შეხვდა. იმდენად უფრთხილდებოდა დედას, რომ მან აქამდე არ იცოდა რუსას დაავადების შესახებ, მისი გარდაცვალების შემდეგ გაიგო. მანამდე იცოდა, რომ რაღაც პატარა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ასეთი – არა.

ბილეთები რომ აიღეს საქართველოში წამოსასვლელად და პარალელურად კოვიდის ტესტი გაიკეთა, აღმოჩნდა, რომ ეს ვირუსი ჰქონდა. ვეღარ წამოვიდა და, როგორც ჩანს, ამ კოვიდმა კიდევ უფრო დააჩქარა ეს ამბავი.

ბოლო წუთამდე გონებაზე იყო. ექიმები ამბობდნენ, ამ დიაგნოზით პაციენტები მეოთხე ეტაპამდეც ვერ მიდიან და თქვენ მეშვიდე ეტაპამდე მიხვედითო. ამ ბრძოლისთვის ექიმებმა მადლობაც კი გადაუხადეს, იმდენად ძლიერი იყო” – განაცხადა იამზე მერაბიშვილმა.