მსხვილი ბიზნესი, მთავრობის დახმარებით, ჯიბეს ისქელებს – ვის ხარჯზე?

დღეს თბილისში ბევრი ისეთი პროდუქტების მაღაზია აღმოჩნდა დაკეტილი, რომლებიც მცირე მეწარმეებს ეკუთვნით და პროდუქტებზე საბითუმო ფასებით ვაჭრობენ.

ასეთი სურათი შეიქმნა მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, საერთოდ აკრძალოს მსუბუქი მანქანებით გადადგილება როგორც ქალაქის ფარგლებში, ისე ქალაქში შემომავალი ტრანსპორტისათვის. მართალია, მთავრობის გადაწყვეტილებაში წერია, რომ შეზღუდვა არ ეხება დისტრიბუციის მანქანებს, მაგრამ პრაქტიკაში ეს პირობა არ მუშაობს.

იმ მეწარმეებს, რომლებსაც ეკუთვნით ასეთი საშვები, დიდი წვალება უხდებათ, რომ მიიღონ სპეციალური ნებართვა. ერთ-ერთმა ბოსტნეულით მოვაჭრემ დღეს “ნიუსფრონტის” კორესპონდენტს უთხრა:

“ახალი ბოსტნეული თითქმის არ მაქვს, რადგან მომწოდებლები ვერ მოდიან მანქანით. ვუთხარი, საშვი გავაკეთოთ, მაგრამ არაფერი გამოდის – “ცხელ ხაზზე” ვრეკავთ და სულ დაკავებულია”.

შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით ხეირობენ მხოლოდ მსხვილი სასურსათო ქსელები, ხოლო მცირე მეწარმეები ნებსით თუ უნებლიეთ დაიჩაგრნენ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მათთან ერთად კი დაიჩაგრა თბილისელი მომხმარებელი.