60 წელს გადაცილებულთა ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინა ეფექტურია

თუ მიზნობრივად ავცრით 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ინფიცირების შემთხვევაში ნაკლებად მოხვდებიან ჰოსპიტალში და ამ ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალების შემთხვევებიც შემცირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს „იმედის დილაში“ განაცხადა.

ამ საკითხზე საუბრისას ეკატერინე ტიკარაძემ სტატისტიკური მონაცემებიც განიხილა. „ვინაიდან მილიონზე მეტი მოქალაქეა აცრილი, შესაბამისად ამ მონაცემების დაყოფა შესაძლებელი იყო ასაკობრივ ჯგუფად და ანალიზი. ვაქცინაცია სწორედ ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 15-ჯერ ამცირებს იმის რისკს, რომ ადამიანები მოხვდნენ კლინიკაში და 5-ჯერ ამცირებს რისკს რომ ეს ადამიანები დაიღუპონ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ყველაზე მაღალი ეფექტი ვაქცინას ამ ასაკობრივ ჯგუფში აქვს. „აქედან გამომდინარე ჩვენ ინტენსიურად უნდა მოუწოდოთ და მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ჩვენს მოქალაქეებს, მათ ვინც არიან 60 წელს ზევით და აქვთ ქრონიკული დაავადებები“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, 6 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 326 033 აცრა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

“იმედინიუსი”