“მთავრობას ვადანაშაულებ, რომ არ არის შესაბამისად მკაცრი კონტროლი ამ რეგულაციების აღსრულებაზე და მთავრობა იჩენს სირბილეს, ჰუმანურობას ადამიანების მიმართ, თითქოს ისევ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სწორი, უნდა იყოს მკაცრი აღსრულება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ ეს ასე იქნება, ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის შემთხვევების კლება იქნება შეუქცევადი, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში უახლოეს დღეებში, შემოვიტანოთ ახალი მედიკამენტები, რომელიც ჯერ კიდევ კვლევას გადიან, არ არის ოფიციალურად დაშვებული, რომელიც გააუმჯობესებს ავადმყოფების გადარჩენას.
ჩემი პირადი, მაგრამ მყარი აზრია, რომ ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა დაიკლებს და ჩვენ საშუალება გვექნება, რომ სადღეც სექტემბრის შუა რიცხვებიდან შევამსუბუქოთ შეზღუდვები, ოღონდ ჩემი პოზიცია იყო და რჩება, შევამსუბუქოთ შეზღუდვები, მაგრამ გავამკაცროთ იმ რეგულაციებზე აღსრულების კონტროლი, რომელიც რჩება, მხედველობაში მაქვს პირბადეების ტარება.
ჩვენ პირბადეების ტარებას კარგა ხანს ვერ შევამსუბუქებთ, ჩვენ კი არა, სრულად ვაქცინირებულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს პირბადეებზე უარის თქმა. ხალხმრავალი შეკრებები, სოციალური დისტანცირება, პირბადე, ამის გარდა ყველა სხვა შეზღუდვა შეიძლება შემსუბუქდეს, მაგალითად, გაიხსნას მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიწყოს სწავლება სკოლაში და აშ. მაგრამ უნდა გაძლიერდეს კონტროლი შეზღუდვების შესრულებაზე და გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
“რეზონანსი”