რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ ფიოდოროვმა კომენტარი გააკეთა ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების მშენებლობაზე რუსული საზღვრების პერიმეტრზე, იუწყება РИА Новости.
„რუსი სპეციალისტებისა და მსოფლიო თანამეგობრობის შფოთვას იწვევს რუსეთის ფედერაციის მომიჯნავე და მის საზღვრებთან ახლოს მდებარე სახელმწიფოებში აშშ-ის სამხედრო უწყების უცხოური ბიოლოგიური ინფრასტრუქტურის უკონტროლო, შეუზღუდავი გაფართოება“, — განაცხადა მან საერთაშორისო ფორუმზე „ხაბაროვსკის პროცესი: ისტორიული გაკვეთილები და თანამედროვე გამოწვევები“.
უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა აპრილში გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებთან, სულ უფრო ახალი და ახალი ბიოლოგიური ლაბორატორიები ჩნდება, რომლებსაც აშშ აკონტროლებს, და რომ არსებობს საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ იქ ბიოლოგიური იარაღი იქმნება.
მაისში უშიშროების საბჭოს მდივნის პირველმა მოადგილემ იური ავერიანოვმა РИА Новости-ს განუცხადა, რომ ამ ლაბორატორიებიდან სასიკვდილო ვირუსები, შესაძლოა, ვითომ შემთხვევით მოხვდეს ბუნებაში და რუსეთსა და მის მომიჯნავე ქვეყნებში ადამიანების მასობრივი დაღუპვა გამოიწვიოს. მისივე თქმით, ვაშინგტონი ბევრი ქვეყნისთვის ამუშავებს ინდივიდუალურ გეგმებს ბიოლოგიური კვლევებისთვის, პირველ რიგში კი სამხედრო მიმართულებით, და მათ შესრულებას აიძულებს სამშვიდობოდ დეკლარირებული სხვადასხვა ერთობლივი პროგრამების ფარგლებში.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა თქვა ავერიანოვის განცხადებაზე კომენტარისას, შეერთებულ შტატებს არანაირი მნიშვნელოვანი პასუხი არ გაუცია თავისი ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობასთან დაკავშირებულ შფოთვებზე, თუმცა ჩინეთმა არაერთხელ მოუწოდა აშშ-ს, მიეცა მკაფიო განმარტება ამგვარი საქმიანობის შესახებ.
ხაბაროვსკის სასამართლო პროცესის დროს, რომელიც 1949 წლის 25-30 დეკემბერს გაიმართა, ცნობილი გახდა გერმანიის მოკავშირე მილიტარისტული იაპონიის ბოროტი გეგმების შესახებ – სსრკ-ის წინააღმდეგ ომის წარმოებასთან დაკავშირებით. მაშინ მსოფლიომ პირველად შეიტყო მოსალოდნელი ბაქტერიოლოგიური ომის შესახებ, რომელიც 1945 წლის აგვისტოში, შორეული აღმოსავლეთის კამპანიის დროს წითელი არმიის სწრაფმა წინსვლამ აღკვეთა. სწორედ ხაბაროვსკის პროცესმა დაუსვა იურიდიული წერტილი მეორე მსოფლიო ომს.
ფორუმი „ხაბაროვსკის პროცესი: ისტორიული გაკვეთილები და თანამედროვე გამოწვევები“ ასევე ეძღვნება შორეული აღმოსავლეთისთვის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის 75-ე წლისთავს (ტოკიოს ტრიბუნალი), რომელიც 1946-1948 წლებში ჩატარდა. ფორუმს მხარს უჭერს პრეზიდენტის გრანტების ფონდი. სააგენტო РИА Новости ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორია.