– “ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა ევროპაში და ვერც მოხდება. ერთი არჩევნების პროცენტი იყოს სარევიზიო ნორმა წინა არჩევნებისა” – დავით ზილფიმიანი.
ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ტრენდად იქცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ ამომრჩევლის მოტყუება.
– “აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ მიმდინარეობს ინტენსიური დაბომბვა, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანით ძალიან ბევრ საკითხში. ეს ტრიბუნა არ არის იმისთვის, რომ მსგავს საკითხზე ვისაუბრო. კოლეგების გასაგონად, მათ გასაგონადაც, მაგრამ, პირველ რიგში, ხალხის გასაგონად – ნამდვილად ტრენდული ფორმა მიიღო ამ მიმართულებამ“, – განაცხადა ზილფიმიანმა.
დავით ზილფიმიანმა ისაუბრა შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით: „მინდა, შევეხო შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც მრავალმა ჩვენგანმა ხელი მოაწერა და ამ დოკუმენტში იმ 43%-ის განმსაზღვრელ პუნქტს, რომელიც განსაკუთრებით ახლა გამოიყენება, როგორც თითქოსდა რეფერენდუმის საწყისი ფორმა ამ ჩანაწერის გამო. უნდა ვთქვათ, რომ პროცენტის განსაზღვრა დღეს ჩატარებული არჩევნებისთვის, რომ შემდეგი არჩევნები არალეგიტიმურად იქნება ცნობილი – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ევროპაში არ მომხდარა. მე 85 წლიდან იმ დიდი ოჯახის წევრი ვარ და თვალყურს ვადევნებ. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ვთქვათ მემარჯვენე ცენტრისტებმა გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო მემარცხენე ცენტრისტებმა გაიმარჯვეს ადგილობრივ არჩევნებში. ეს არ ხდება საბაბი იმისა, რომ არალეგიტიმურად გამოაცხადო საპარლამენტო არჩევნები და დანიშნო რიგგარეშე. სრული სისულელეა და გარწმუნებთ, რომ ბატონი მიშელისგან ეს წინადადება ვერც წამოვიდოდა, რადგანაც იმ ტრადიციებზე, რომელზეც ის გაიზარდა და ის პოლიტიკური სკოლა, რომელიც დასავლეთში არსებობს, თავის თავში მსგავს რაღაცას არ მოიცავს. ამიტომ ქართველებთან ურთიერთობის დროს, რაც ჩამოყალიბდა ის პუნქტი, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა.
უფრო მეტიც, ამ ხელის მოწერის დროს მე ეს პოზიცია ყოველთვის მქონდა, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ყველა, რომ კი, ვეთანხმებითო, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, კი, ბატონო. მაგრამ თუ ეს საკითხი სადაო ხდება, გარწმუნებთ, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა მივიტანოთ, არ არსებობს ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში მსგავსი გამოცდილება. ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა ევროპაში და ვერც მოხდება. ერთი არჩევნების პროცენტი იყოს სარევიზიო ნორმა წინა არჩევნებისა. მაშინ წარმოიდგინეთ, სადამდე მივალთ ან რა სახეს მიიღებს მათ შორის ალბათ ანარქიულს თუ ყოველთვის ასე იქნება, რომ ერთი არჩევნები შლის მეორე არჩევნებს და აუცილებლად ყველა არჩევნებში ერთი და იგივე ძალა ერთი და იგივე პროცენტით უნდა იმარჯვებდეს. ამიტომ ხალხს გავაგებინოთ სწორი ინფორმაცია” – განაცხადა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში.
წყარო: newposts.ge